სახარება მათესაგან · თავი 21

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი

როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა იესომ ორი მოწაფე.

2

და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და მომგუარეთ მე იგი.

და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა, და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ.

3

და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი.

ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ.

4

ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა:

ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს:

5

არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა.

უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი.

6

ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა უბრძანა მათ იესუ.

მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ იესომ.

7

და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა.

მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი, და შეჯდა მათზე.

8

ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა.

დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ.

9

და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა!

ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას, ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! ოსანა მაღალთა შინა!

10

და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს ესე?

როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს?

11

ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ.

ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან.

12

და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ დაუქცია.

შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები.

13

და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა.

და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.

14

და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა, და განკურნნა იგინი.

მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა ისინი.

15

და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა, რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა,

როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.

16

განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე; არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე ქებაჲ?

და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?

17

დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და იქცეოდა მუნ.

მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია ღამე.

18

და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია.

ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა;

19

და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად.

დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.

20

ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი!

ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?

21

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ, არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს ეგრე.

ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.

22

და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით, გეყოდ თქუენ.

და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.

23

და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე?

როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა ეს ძალა?

24

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.

იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას:

25

ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან? ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი?

ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?

26

და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე.

ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, - ხალხისა გვეშინია, ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე.

27

და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას.

და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას.

28

აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე; მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა ჩემსა.

ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში.

29

ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ შეინანა და წარვიდა.

ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა.

30

და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა.

მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ, ბატონო, და არ წავიდა.

31

ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა.

ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს: პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში.

32

რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი.

ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ, და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი.

33

სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა.

სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.

34

და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა.

და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.

35

და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს.

ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.

36

კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს.

ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.

37

ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა.

ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.

38

ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი.

მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.

39

და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და მოკლეს.

შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.

40

რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს ქუეყანის-მოქმედთა მათ?

მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?

41

ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თჳსსა.

უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.

42

ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა.

უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.

43

ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა.

ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს.

44

და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.

ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა, გასრესს.

45

და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა.

როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას.

46

და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი.

და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.