საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 1

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად.

პირველი წიგნით გადმოვეცი ყოველივე ის, თეოფილე, რითაც დაიწყო იესომ თავისი საქმე და სწავლა.

2

ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა,

ამ დღემდე, როცა ამაღლდა ზეცად, მას შემდეგ, რაც სულით წმიდით მისცა მცნებანი მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,

3

რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა,

და რომლებსაც, მრავალი სარწმუნო ნიშნით, ცოცხლად წარუდგა თავისი ვნების შემდეგ; ორმოცი დღე ეჩვენებოდა და ღვთის სასუფეველზე ესაუბრებოდა მათ.

4

და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან.

შეკრიბა ისინი და უბრძანა: ნუ გაშორდებით იერუსალიმს, არამედ ელოდეთ აღთქმას მამისას, რომელიც ისმინეთ ჩემგან.

5

რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად.

ვინაიდან იოანე წყლით ნათლავდა ხალხს, ხოლო თქვენ, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, სულით წმიდით მოინათლებით.

6

ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა?

შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?

7

ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა,

და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.

8

არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა.

არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელს იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.

9

და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა.

ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან.

10

და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა,

და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,

11

და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად.

რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.

12

მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ.

მაშინ ისინი დაბრუნდნენ იერუსალიმში, მის მახლობლად, შაბათის სავალ მანძილზე მდებარე მთიდან, რომელსაც ჰქვია ზეთისხილისა.

13

და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი.

შინ შესვლისთანავე ავიდნენ ზედა თვალში, სადაც იყვნენ პეტრე და იაკობი, იოანე და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფესი, სიმონ ზელოტე და იუდა იაკობისა,

14

ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.

გამუდმებით რომ ლოცულობდნენ ერთსულოვნად, ქალებთან და მარიამთან, იესოს დედასა და მის ძმებთან ერთად.

15

და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა

იმ დღეებში დადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის (იქნებოდა სულ ასოცამდე კაცი) და თქვა:

16

(იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა,

კაცნო, ძმანო! უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდაზე, წინ რომ წაუძღვა იესოს შემპყრობთ.

17

რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის.

ვინაიდან ჩვენს შორის იყო შერაცხილი და ხვდა წილი ამ მსახურებისა.

18

ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი.

მაგრამ მან უსამართლობის სასყიდლით იყიდა მიწა, დაცემული შუაზე გასკდა და გადმოცვივდა მთელი მისი შიგანი.

19

და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ.

ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.

20

რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ.

ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.

21

ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ,

ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის მანძილზე, როცა ჩვენს შორის დადიოდა უფალი იესო,

22

იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი.

იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღღგომის მოწმე.

23

და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია.

და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.

24

და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე,

ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.

25

მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა.

რომ მიიღოს ადგილი ამ მსახურებისა, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა მისულიყო თავის ადგილას.

26

და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.

და უყარეს მათ წილი; შეხვდა წილი მატთიას და შეირაცხა წილი მატთიას და შეირაცხა თერთმეტ მოციქულს შორის.