საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 18
ამისა შემდგომად გამოვიდა პავლე ათინელთა მათგან და მოვიდა კორინთედ;
შემდგომ ამისა პავლე გამოვიდა ათენიდან და კორინთოს ჩავიდა,
და პოა ვინმე ჰურიაჲ, სახელით აკჳლა, პონტოელი ნათესავით, რამეთუ მაშინ ოდენ მოსრულ იყო იგი იტალიაჲთ, და პრისკილა, ცოლი მისი, – რამეთუ ებრძანა კლავდის კეისარსა განშორებად ყოველნი ჰურიანი ჰრომით, – მოვიდა მათა
სადაც ნახა ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმომავლობით პონტოელი, და მისი ცოლი პრისკილა, ახლად რომ ჩამოსულიყვნენ იტალიიდან, ვინაიდან კლავდიუსს ებრძანებინა ყველა იუდეველს დაეტოვებინა რომი; და დაუახლოვდა მათ.
და, რამეთუ ერთი ჴელოვნებაჲ იცოდეს, იყოფოდა მათ თანა და იქმოდა, რამეთუ იყვნეს ჴელოვნებით მეპრატაკე.
რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და საქმეს მიჰყო ხელი; ხოლო ხელობით მეკარვენი იყვნენ.
და ეტყოდა შესაკრებელსა მას ყოველსა შაბათსა და არწმუნებდა ჰურიათა და წარმართთა.
ყოველ შაბათს ქადაგებდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს.
და ოდეს მოვიდეს მაკედონიაჲთ შილა და ტიმოთე, აწუევდა სული პავლეს და უწამებდა ჰურიათა მათ ქრისტე იესუს.
მაგრამ, როცა მაკედონიიდან ჩამოვიდნენ სილა და ტიმოთე, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, რათა ემოწმებინა იუდეველთათვის, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
ხოლო იგინი ვითარ უჴდებოდეს და ჰგმობდეს, განიყარა მათ ზედა სამოსელი თჳსი და ჰრქუა მათ: სისხლი თქუენი თავთა ზედა თქუენთა! უბრალომცა ვარ მე! ამიერითგან წარმართთა მიმართ მივიდე.
მაგრამ, რაკი ისინი ეურჩებოდნენ და გმობდნენ, თავისი ტანსაცმელი ჩამოიბერტყა და უთხრა მათ: თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან წავალ.
და წარმოვიდა მიერ და შევიდა სახლსა ვისსამე, რომელსა სახელი ერქუა ტიტოს, ძისა იოსტოჲსსა, ღმრთის მსახურისა, რომლისა სახლი ეზღვრებოდა შესაკრებელსა მას.
იქიდან წამოსული ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის სახლში მივიდა, სინაგოგის გვერდით რომ იდგა.
ხოლო კრისპოსს შესაკრებელის მთავარსა ჰრწმენა უფალი ყოვლითურთ სახლეულით მისით, და მრავალნი კორინთელნი ისმენდეს და ჰრწმენა და ნათელს-იღებდეს.
სინაგოგის წინამძღვარმა კრისპუსმა მთელი თავისი სახლეულითურთ ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, პავლეს რომ უსმენდა, ირწმუნა და ნათელ იღო.
ჰრქუა უფალმან ჩუენებით ღამე პავლეს: ნუ გეშინინ, არამედ იტყოდე და ნუ სდუმი,
ერთ ღამეს უფალმა ჩვენებით უთხრა პავლეს: ნუ გეშინია, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები,
რამეთუ მე ვარ შენ თანა, და არავინ შეუძლოს ბოროტის ყოფად შენდა, რამეთუ ერი მრავალი არს ჩემდა ქალაქსა ამას შინა.
ვინაიდან მე შენთანა ვარ და ხელსაც ვერავინ გახლებს, რადგანაც ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში.
და დაყო მუნ ერთ წელ და ექუს თუე და ასწავებდა მათ შორის სიტყუასა ღმრთისასა.
ერთი წელი და ექვსი თვე დაჰყო იქ და ასწავლიდა იქაურებს ღვთის სიტყვას.
ხოლო გალიონ მთავარი იყო აქაიაჲსაჲ, ზედა მიუჴდეს ყოველნი ჰურიანი ერთბამად პავლეს და მოიყვანეს საყდარსა წინაშე
ხოლო აქაიაში, გალიონის პროკონსულობისას, იუდეველები ერთად დაესხნენ თავს პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს იგი.
და იტყოდეს, ვითარმედ: თჳნიერ სჯულისა ურჩ იქმს ესე კაცთა მსახურებად ღმრთისა.
ეს კაცი, ამბობდნენ ისინი, არწმუნებს ხალხს რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანებოდნენ ღმერთს.
და ვითარცა ეგულებოდა პაველს აღებად პირისა, ჰრქუა გალიონ ჰურიათა მათ: უკუეთუმცა იყო შეცოდებათაგანი რაჲმე ძჳრის საქმე ბოროტი, ჵ ჰურიანო, სიტყჳსა მისებრმცა თავს-ვიდევ თქუენი;
როდესაც პავლემ ხმის ამოღება დააპირა, გალიონმა უთხრა იუდეველებს: ეს რომ დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, იუდეველნო, მაშინ მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის.
უკუეთუ ძიებაჲ რაჲმე არს სიტყჳსათჳს და სახელებისა და სჯულისა თქუენისა, თქუენ იხილეთ, რამეთუ მე მსაჯულ ეგევითართათჳს არა მნებავს ყოფად.
მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს მოძღვრებას, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენვე მიხედეთ: მე არა ვარ ამის მსაჯული.
და განასხნა იგინი საყდრისაგან.
და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
მაშინ შეიპყრეს ყოველთა წარმართთა სოსთენი, შესაკრებელის მთავარი, და სცემდეს საყდარსა წინაშე; და არარას ზრუნვიდა ამათგანსა გალიონ.
მაშინ ბერძნებმა შეიპყრეს სინაგოგის წინამძღვარი სოსთენე და სამსჯავროს წინ ჰგვემეს, მაგრამ გალიონი სულაც არ შეუწუხებია ამას.
ხოლო პავლე და-ვეღა-ადგრა მუნ მრავალ დღე ძმათა თანა, და მერმე იჯმნა და განვიდა ნავითა ასურეთად, და მის თანა პრისკილა და აკვილა. ხოლო იკუეცა მან თმაჲ კენქრეს, რამეთუ აღთქუმაჲ აღეთქუა.
ხოლო პავლე კარგა ხანს დარჩა იქ, მერე კი დაემშვიდობა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად გემით გაემართა სირიისაკენ; კენქრეაში თმა შეიკვეცა, ვინაიდან აღთქმა დაედო.
და მიიწია ეფესოდ, იგინი დაუტევნა მუნ, და იგი შევიდა შესაკრებელსა და ეზრახა ჰურიათა მათ.
ეფესოს რომ მიაღწია, თანამგზავრები იქ დატოვა, თვითონ კი სინაგოგაში შევიდა და იუდეველებს გაესაუბრა.
და ვითარ იგინი ჰლოცვიდეს უმეტესსა-რე ჟამსა დადგრომად მათ თანა, არა ინება,
მაგრამ, როდესაც სთხოვეს, მეტ ხანს დარჩიო, არ დათანხმდა,
არამედ იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალჱმს აღსრულებად და კუალად მოვიდე თქუენდა ნებითა ღმრთისაჲთა. შევიდა ნავსა ეფესოჲთ
არამედ დაემშვიდობა და უთხრა მათ: მოახლოებულ დღესასწაულზე უთუოდ იერუსალიმში უნდა ვიყოთ; თუ ღმერთმა ინება, კვლავ დავბრუნდები თქვენთანო; და ეფესოდან გაემგზავრა.
და შთავიდა კესარიად. აღვიდა და მოიკითხა ეკლესიაჲ და შთავიდა ანტიოქიად,
კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმს ეწვია, მოიკითხა ეკლესია და ანტიოქიაში ჩავიდა.
და დაყო ჟამი რაოდენმე და განვიდა და მიმოვიდოდა შემდგომითი-შემდგომად გალატელთა სოფელსა და ფრიგჳაჲსსა და განამტკიცებდა ყოველთა მოწაფეთა.
ერთხანს იქ დაჰყო, შემდეგ წამოვიდა და ჯერ გალატია დაიარა, მერე კი - ფრიგია, და განამტკიცებდა ყველა მოწაფეს.
ჰურიაჲ ვინმე, აპოლო სახელით, ალექსანდრიელი ნათესავით, კაცი სიტყუა-მეცნიერი, მოვიდა ეფესოდ, ძლიერ იყო წიგნთაგან.
ეფესოში ჩავიდა ერთი იუდეველი, სახელად აპოლისი, წარმომავლობით ალექსანდრიელი, წერილთა საუცხოო მცოდნე და ენამჭევრი კაცი,
ესე იყო სწავლულ გზათა უფლისათა და მდუღარე სულითა, ეტყოდა და ასწავებდა ჭეშმარიტად იესუჲსთჳს, და იცოდა ნათლის-ცემაჲ ხოლო იოვანესი.
ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა იესოს ამბავს, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა თუ გაეგო.
ამან იწყო განცხადებად შესაკრებელსა შორის. ესმა მისი აკჳლას და პრისკილას და მოიყვანეს იგი და უჭეშმარიტესად-რე უთხრეს მას გზაჲ იგი უფლისაჲ.
თამამად დაიწყო ქადაგება სინაგოგაში; როდესაც მოუსმინეს, აკვილამ და პრისკილამ წამოიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
და ვითარ-იგი ეგულებოდა მას აქაიად წიაღ-სვლად, უბრძანეს ძმათა და მიუწერეს მოწაფეთა მათ შეწყნარებაჲ მისი, რომელი მივიდა და შეეწეოდა მორწმუნეთა მათ ფრიად მადლისა მის მიერ,
აქაიას წასვლა რომ დააპირა, ძმებმა გაამხნევეს და მოწაფეებს მისწერეს, რომ კარგად მიეღოთ; ხოლო როდესაც მივიდა, დიდად შეეწია მორწმუნეებს მადლით.
რამეთუ ძლიერად ჰურიათა მათ ამხილებდა ერსა წინაშე და უჩუენებდა წიგნთაგან, ვითარმედ არს ქრისტე იესუ.
რადგანაც ხალხის წინაშე დაუნდობლად ამხილებდა იუდეველებს და წერილის მიხედვით ამტკიცებდა, რომ სწორედ იესოა ქრისტე.
