საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი,

ვიდრე ხალხს ელაპარაკებოდნენ, თავს წამოადგნენ მათ მღვდლები, ტაძრის წინამძღვარი და სადუკეველნი,

2

ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით,

განრისხებულნი იმის გამო, რომ ხალხს ასწავლიდნენ და აუწყებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას.

3

და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა.

დაადეს მათ ხელი და დაცვას გადასცეს მეორე დღემდე, რადგანაც უკვე ბინდდებოდა.

4

და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ.

ხოლო მრავალმა, ვინც ისმინა სიტყვა, ირწმუნა; და იყო მათი რიცხვი ხუთი ათასამდე.

5

და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს,

მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მათი მთავარნი, უხუცესნი და მწიგნობარნი,

6

და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოჰანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაჲსა.

ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები, ვინც იყვნენ მღვდელმთავრის გვარიდან.

7

და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე?

შუაში დააყენეს ისინი და ეკითხებოდნენ: რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?

8

მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო,

მაშინ პეტრე აღივსო სულით წმიდით და უთხრა მათ: ერისმთავარნო და უხუცესნო,

9

უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა,

რაკი დღეს პასუხს გვთხოვენ სნეული კაცისადმი ქველმოქმედების გამო, რითაც განიკურნა იგი,

10

ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი.

დაე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და მთელი ისრაელის ხალხმა, რომ ის მრთელი დგას თქვენს წინაშე იესო ქრისტე ნაზორეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით და ღმერთმა კი აღადგინა მკვდრეთით.

11

ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა,

ეს არის ქვა, რომელიც დაიწუნეთ თქვენ, მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა.

12

და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.

სხვის მიერ არვისგანაა ხსნა და არც კაცთათვის მიცემული სხვა სახელია ცის ქვეშ, ვისი წყალობითაც ვიხსნიდით თავს.

13

ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს.

პეტრესა და იოანეს სიმტკიცის შემყურენი ხვდებოდნენ, რომ უწიგნური და უბირი კაცნი არიან, მაგრამ განცვიფრებულნი იმას კი აღიარებდნენ, რომ ისინი მართლაც თან ახლდნენ იესოს.

14

და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა ცილობად.

ხოლო მათთან მდგომარე განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, აღარ შეეძლოთ ცილობა.

15

და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას

სინედრიონიდან გასვლა უბრძანეს მათ და ერთმანეთში დაიწყეს ბჭობა.

16

და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად?

ამბობდნენ: რა ვუყოთ ამ ხალხს? რადგანაც იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის ცხადი შეიქნა, რომ მათი ხელით მოხდა ეს აშკარა სასწაული, და ჩვენ ვერ უარვყოფთ ამას.

17

არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახლითა ამით არავის კაცსა.

მაგრამ უფრო მეტი მითქმა-მოთქმა რომ არ ატყდეს ხალხში, მუქარით ავუკრძალოთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით.

18

და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა.

მოუხმეს და უბრძანეს მათ, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარც ესწავლებინათ იესოს სახელით.

19

ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ.

ხოლო პეტრემ და იოანემ მიუგეს მათ და უთხრეს: თავად განსაჯეთ, რამდენად მართებულია ღვთის წინაშე, რომ უფრო მეტად თქვენ გისმინთთ, ვიდრე ღმერთს.

20

რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ.

არ შეგვიძლია არა ვთქვათ ის, რაც გვიხილავს და გვსმენია.

21

ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს.

ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.

22

რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.

ვინაიდან ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, ვისზედაც მოხდა განკურნების ეს სასწაული.

23

ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ.

განთავისუფლებულნი თავისიანებთან მივიდნენ და უამბეს ყველაფერი, რაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა უთხრეს მათ.

24

ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,

ეს რომ მოისმინეს, ყველამ ერთხმად შეჰღაღადა ღმერთს: ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყოველივე იმისა, რაც არის მათში,

25

რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი?

ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?

26

მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს.

აღიძრნენ ქვეყნის მეფენი და შემოკრბნენ მთავარნი უფლისა და მისი ქრისტეს სამტროდ“.

27

რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა

ვინაიდან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენს მიერ ცხებული იესოს სამტროდ ჰეროდე და პონტიუს პილატე, წარმართებსა და ისრაელის ხალხთან ერთად.

28

საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად.

რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.

29

და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა,

ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,

30

განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა.

როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნავად და ნიშებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის იესოს სახელით.

31

და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.

როცა ილოცეს, შეიძრა ის ადგილი, სადაც შეკრებილიყვნენ, და ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და იტყოდნენ ღვთის სიტყვას დაუფარავად.

32

ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად.

ხოლო მორწმუნეთა სიმრავლეს ერთი გული ჰქონდა და ერთი სული, და არავინ იტყოდა საკუთარ ქონებას თავისად, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

33

და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩეუნისა იესუ ქრისტჱსსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა,

მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.

34

და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ

არავინ იყო გაჭირვებული მათ შორის, ვინაიდან მიწა-წყლისა თუ სახლების მფლობელნი ყიდიდნენ მათ და გაყიდულის საფასური მიჰქონდათ,

35

და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა.

მოციქულების ფერხთით დებდნენ მას, და ეძლეოდა თვითეულს, ვისაც რა სჭირდებოდა.

36

ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი კჳპრელი ნათესავით,

ასე იოსებმაც, მოციქულების მიერ ბარნაბად წოდებულმა (რაც თარგმანით ნიშნავს ნუგეშის ძეს), ლევიტელმა, წარმომავლობით კიპროსელმა,

37

ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.

გაყიდა თავისი ყანა, მოიტანა ფული და მოციქულების ფერხთით დადო.