საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 19

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

იყო აპოლოჲსსა მას ყოფასა კორინთეს შინა პავლეს მოევლო ზემო კერძო იგი ადგილი და მოიწია ეფესოდ და პოვნა ვინმე მოწაფეთაგანნი

მოხდა ისე, რომ კორინთოში აპოლოსის ყოფნისას პავლემ მოიარა ზემო მხარენი და ეფესოში ჩავიდა, სადაც ზოგიერთ მოწაფეს შეხვდა.

2

და ჰრქუა მათ: უკუეთუ სული წმიდაჲ მიგიღებიეს და გრწამს? ხოლო მათ ჰრქუეს მას: არამედ არცაღა არს, თუ სული წმიდაჲ გუასმიეს.

და უთხრა მათ: თუ მიიღეთ სული წმიდა, როცა ირწმუნეთ? მოწაფეებმა კი მიუგეს: არც გაგვიგია, არსებობს თუ არა სული წმიდა.

3

ჰრქუა მათ პავლე: რაჲთა უკუე ნათელ-გიღებიეს? და მათ ჰრქუეს: იოვანეს ნათლის-ცემითა.

უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.

4

ჰრქუა მათ პავლე: იოვანე ნათელ-სცემდა ნათლის-ცემასა სინანულისასა ერსა და ეტყოდა მომავალისა მისთჳს შემდგომად მისა, რაჲთა ჰრწმენეს, ესე იგი არს იესუ ქრისტე.

მაშინ პავლემ თქვა: იოანე სინანულის ნათლისცემით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ ერწმუნათ მის შემდეგ მომავალი, ესე იგი, იესო ქრისტე.

5

ხოლო მათ, ვითარცა ესმა, ნათელ-იღეს სახელითა უფლისა იესუ ქრისტჱსითა.

ეს რომ გაიგეს, მოინათლნენ უფალ იესოს სახელით.

6

და დასხმითა ჴელთა პავლესთაჲთა მათ ზედა მოვიდა მათ ზედა სული წმიდაჲ, იტყოდეს ენათა და წინაწარმეტყუელებდეს.

პავლემ ხელი დაადო მათ და გადმოვიდა მათზე სული წმიდა: სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.

7

ხოლო იყვნეს კაცნი იგი ყოველნივე ათორმეტ.

იყო სულ თორმეტიოდე კაცი.

8

შევიდა უკუე შესაკრებელსა მას და კადნიერად იქცეოდა სამ თუე, ეტყოდა და არწმუნებდა სასუფეველისათჳს ღმრთისა.

მერე სინაგოგაში შევიდა, სამი თვე თამამად ლაპარაკობდა და დარწმუნებით საუბრობდა ღვთის სასუფეველზე.

9

და ვითარ-იგი ვინმე განფიცხნებოდეს და ურჩ იქმნებოდეს და ძჳრსა იტყოდეს გზისა მისთჳს წინაშე სიმრავლისა მის, განეყენა მათგან და განაშორნა მოწაფენი იგი და დღითი-დღე ეტყოდა მათ სამწიგნობრესა მას ტჳრანეს ვისსამე.

მაგრამ, რაკი ზოგიერთები გაფიცხდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ გმობდნენ უფლის გზას, მიატოვა ისინი, წამოიყვანა მოწაფეები და ყოველდღე ქადაგებდა ვინმე ტირანუსის სკოლაში.

10

და ესე იყო ორ წელ, ვიდრემე ყოველთა დამკჳდრებულთა ასიისათა ესმა სიტყუაჲ უფლისა იესუჲსი, ჰურიათა და წარმართთა.

ასე გაგრძელდა ორ წელიწადს და ასიის ყველა მცხოვრები, იუდეველიც და ბერძენიც, ისმენდა უფლის სიტყვას.

11

ხოლო ძალთა არა მცირეთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა,

ხოლო ღმერთი მრავალ სასწაულს ახდენდა პავლეს ხელით.

12

ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა.

ასე რომ, მის ნაქონ ხელსახოცებს თუ წელსაკრავებს თვით სნეულთაც კი აფენდნენ, რომელნიც იკურნებოდნენ და უკეთური სულები გამოდიოდნენ მათგან.

13

იწყეს ვიეთმე მიმომავალთა ჰურიათა, მაფუცებელთა, სახელის-დებად სახელსა უფლისა იესუჲსსა მათ ზედა, რომელთა თანა იყო სულები უკეთურები, და იტყოდეს: გაფუცებთ თქუენ იესუს, რომელსა პავლე ქადაგებს.

იუდეველთაგან თვით ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმაც კი დაიწყო უკეთური სულებით შეპყრობილთა მკურნალობა უფალ იესოს სახელით და ასე ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.

14

იყვნეს ვინმე სკევაჲს მღდელთ მოძღუარისა ჰურიისა შჳდნი ძენი, რომელნი ამას ჰყოფდეს.

ასე იქცეოდა იუდეველი მღვდელმთავრის სკევას შვიდი ძე.

15

მიუგო სულმან მან უკეთურმან და ჰრქუა მათ: იესუ ვიცი და პაველსთჳსცა მეცნიერ ვარ, ხოლო თქუენ ვინ ხართ?

მიუგო სულმა უკეთურმა და უთხრა მათ: იესოც ვიცი და პავლესაც ვიცნობ, მაგრამ თქვენ ვინა ხართ?

16

და ახლდნა კაცი იგი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, სძლო მათ და ერეოდა, ვიდრემდე შიშუელნი და წყლულნი ივლტოდეს მიერ სახლით.

ეძგერა მათ უკეთური სულით შეპყრობილი კაცი, სძლია და ისე იმძლავრა მათზე, რომ შიშველნი და ნაცემ-ნაგვემნი გამოცვივდნენ სახლიდან.

17

და ესე განცხდებულ იქმნა ყოველთა მიმართ ჰურიათა და წარმართთა, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ეფესოს. და დაეცა შიში დიდი მათ ყოველთა ზედა და განდიდნებოდა სახელი უფლისა იესუჲსი.

ეს რომ შეიტყვეს ეფესოში მცხოვრებმა იუდეველებმა და ბერძნებმა, თავზარი დაეცა ყველას, და განდიდებულ იქნა უფალ იესოს სახელი.

18

და მრავალნი მორწმუნეთაგანნი მოვიდოდეს და აღუარებდეს საქმეთა მათთა.

მრავალი მორწმუნე მოდიოდა, აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.

19

და მრავალთა გრძნების მოქმედთა მოკრიბნეს წიგნები მათი და დასწუვიდეს წინაშე ყოველთასა, და აღრაცხეს სასყიდელი მათი და პოვეს ვეცხლი ხუთი ბევრი.

ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა; როდესაც დაიანგარიშეს მათი ფასი, გამოვიდა ორმოცდაათი ათასი ვერცხლი.

20

და ესრეთ მტკიცედ სიტყუაჲ იგი უფლისაჲ აღორძნდებოდა და განმტკიცნებოდა.

ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.

21

ვითარცა აღესრულა ესე, დაიდვა პავლე გულსა თჳსსა, მო-რაჲ-ევლო მაკედონიაჲ და აქაიაჲ, მისლვად იერუსალჱმდ და თქუა, ვითარმედ: შემდგომად მისლვისა ჩემისა მუნ ჯერ-არს ჩემდა ჰრომეცა ხილვად.

ეს რომ აღსრულდა, პავლემ გულში ჩაიდო, მაკედონიისა და აქაიის გავლით ასულიყო იერუსალიმს და თქვა: იქ ასვლის შემდეგ რომიც უნდა მოვიხილოო.

22

და მიავლინნა მაკედონიად ორნი მსახურნი მისნი, ტიმოთე და ერასტოს, ხოლო იგი დაადგრა ჟამ რავდენმე ასიას შინა.

მაკედონიაში გაგზავნა თავისი ორი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი, თვითონ კი დროებით ასიაში დარჩა.

23

იყო მას ჟამსა შინა შფოთი არა მცირედი გზისა მისთჳს,

ხოლო იმ ხანად დიდი ამბოხება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.

24

რამეთუ დემეტრეოს ვინმე სახელით, ვეცხლის მჭედელი, იქმოდა ტაძართა ვეცხლისათა ატრემისთა და მისცემდა ხუროთა მათ სარეწავსა არა მცირედსა,

ერთმა ვერცხლისმჭედელმა, სახელად დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა და დიდ მოგებასაც აძლევდა ხელოსნებს,

25

რომელნი შეკრიბნა და ჰრქუა: კაცნო, იცით, რამეთუ ამის საქმისაგან არს სარეწავი ჩუენი;

მთელი მათი ამქარი შეკრიბა და თქვა: ხომ იცით, ხალხო, რომ მთელი ჩვენი კეთილდღეობა ამ ხელობაზეა დამყარებული.

26

და ხედავთ და გესმის, რამეთუ არს ხოლო თუ ეფესოსა, არამედ კნინღა-და ყოველსა ასიასა ამან პავლე არწმუნა და გარდააქცია ერი მრავალი და იტყჳს, ვითარმედ: არა არიან ღმერთნი ჴელით ქმნულნი.

იმასაც ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფისოში, არამედ თითქმის მთელ ასიაში ამ ვიღაც პავლემ თავისი ქადაგებით გადარია ამდენი ხალხი; დამდგარა და გაიძახის: ხელთქმნილი ხატებანი ღმერთები არ არიანო.

27

და არა ხოლო ესე ჭირი არს ჩუენ ზედა ადგილად მხილებისა მოწევნად ჩუენდა, არამედ დიდისა ღმრთისა არტემის ტაძარიცა არადვე შერაცხად ყოფად არს და დარღუევად სიმდიდრე მისი, რომელსა ყოველი სოფელი და ასიაჲ ჰმსახურებს.

ეს კი იმას გვიქადის, რომ არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სათაკილო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც დაკნინდება და დაემხობა მისი სიდიადე, რომელსაც თაყვანს სცემს ასიაც და მთელი ქვეყანაც.

28

მათ ვითარცა ესმა ესე, აღივსნეს გულის წყრომითა, ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!

ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და აყვირდნენ: დიდია ეფესელთა არტემიდე!

29

და აღივსო ყოველი ქალაქი შფოთითა და მიიმართეს და მივიდეს ერთბამად სახილველსა მას, თანა წარსრულნი.

მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა, შეიპყრეს გაიუსი და არისტარქე, პავლეს მაკედონელი თანამგზავრები, და ერთად გაეშურნენ თეატრისაკენ.

30

ხოლო პავლეს ენება რაჲ შესლვად ერსა მას შორის, არა უტევეს მოწაფეთა.

პავლეს უნდოდა ხალხში გამოსულიყო, მაგრამ მოწაფეებმა არ დაანებეს.

31

და რომელნიმე ასიაჲსა მთავარნი მეგობარ იყვნეს მისა, მიავლინნეს მისა და ჰლოცვიდეს, რაჲთა არა მისცეს თავი თჳსი სახილველსა მას.

ზოგიერომა ასიელმა მთავარმაც, რომლებიც მისი მეგობრები იყვნენ, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, თეატრში ნუ გამოჩნდებიო.

32

სხუანი უკუე სხუასა რასმე ღაღადებდეს, რამეთუ იყო კრებული იგი შეშფოთებულ და უმრავლესთა მათგანთა არა უწყოდეს, რაჲსათჳს შეკრებულ იყვნეს.

ამასობაში კი ზოგი რას გაჰყვიროდა და ზოგი რას, ვინაიდან კრება ძალზე უთავბოლო იყო და უმრავლესობამ არც იცოდა, რად შეყრილიყვნენ.

33

ხოლო ერისაგან წარმოადგინეს ალექსანდრე, რამეთუ ჰურიათა წარმოადგინეს იგი. ხოლო ალექსანდრე განუყარა ჴელი და უნდა სიტყჳს მიგებაჲ ერისაჲ მის.

იუდეველთა მოთხოვნით ბრბოდან გამოიყვანეს ალექსანდრე, რომელმაც ხელი ასწია და უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე.

34

მათ ვითარცა გულისჴმა-ყვეს, ვითარმედ ჰურიაჲ არს, იქმნა ერთი ჴმაჲ ყოველთაგან, ვიდრე ორ ჟამადმდე ღაღადებდეს და იტყოდეს: დიდ არს არტემი ეფესელთაჲ!

მაგრამ როდესაც გაიგეს, იუდეველიაო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს ყიჟინებდნენ: ერთია ეფესელთა არტემიდე;

35

დააცხრვო მწიგნობარმან მან ერი იგი და ჰრქუა: კაცნო ეფესელნო, ვინ-მე არს კაცთაგანი, რომელმან არა იცის ეფესელთა ქალაქი, რამეთუ მსახური არს დიდისა არტემისი და დიოპეტისი?

მწიგნობარმა დააშოშმინა ხალხი და თქვა: ეფესელნო, ვინ არ იცის, რომ ჩვენი ქალაქი მსახურია დიდი არტემიდესი და ცით მოვლენილი ხატისა?

36

და ესე უცილობელ არს, ჯერ-არს თქუენდა, რაჲთა დაწყნარებულ იყვნეთ და ნურარას იქმთ წარმდებებით.

რაკი ეს უცილობელია, მოვალენი ხართ მშვიდად იყოთ და წინდაუხედავად არ მოიქცეთ.

37

რამეთუ მოიყვანენით კაცნი ესე, არცა ბაგინის მძარცუელ, არცა მგმობარ არიან ღმრთისა ჩუენისა.

თქვენ კი მოიყვანეთ ეს ხალხი, რომელსაც არც ტაძარი გაუძარცვავს და არც ჩვენი ქალღმერთი უგმია.

38

უკუეთუ დემეტრიოსს და მის თანა ხუროთა მათ უც ვიეთ თანამე სიტყუაჲ, უბანთა ვაჭარნი მოიყვანნედ, და მთავარნი არიან, და აბრალებედ ურთიერთას.

თუ დემეტრესა და მის თანამოსაქმეებს სურთ ვინმეს უჩივლონ, სამსჯავროც გვაქვს და მსაჯულებიც გვყვანან; ადგნენ და უჩივლონ ერთმანეთს.

39

უკუეთუ კულა სხჳსა რაჲსათჳსმე ეძიებთ, სჯულიერითა კრებითა განეგოს.

ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც უფლებამოსილმა კრებამ უნდა გადაწყვიტოს,

40

და რამეთუ ვიურვით ბრალობად შფოთისა ამისთჳსცა დღენდელისა, რამეთუ არარაჲ მიზეზი იყო, რომლისათჳსცა ვერცა სიტყჳს მიგებად ჴელ-მეწიფების შეკრებულისა ამისთჳს ერისა. და ესე ვითარცა თქუა, განუტევა კრებული იგი.

რადგანაც საფრთხე გვემუქრება, რომ ბრალს დაგვდებენ დღევანდელი არეულობის გამო, ვინაიდან ვერავითარი საბაბით ვერ გავამართლებთ ამ თავყრილობას. ეს თქვა და დაითხოვა კრებული.