საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 14

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

იყო იკონიას შინა მსგავსად წესისა შესლვასა მათსა შესაკრებელსა ჰურიათასა და სიტყუად ესრეთ, ვიდრე რწმუნებადმდე ჰურიათა და წარმართთსა მრავალსა სიმრავლესა.

იკონიაში ერთად შევიდნენ იუდეველთა სინაგოგაში და ისე ილაპარაკეს, რომ უამრავმა იუდეველმა და ელინმა ირწმუნა.

2

ხოლო რომელნი ურწმუნონი ჰურიანი იყვნეს, აღაზრზინნეს და განაბოროტნეს სულნი წარმართთანი ძმათა ზედა.

მაგრამ ურჩმა იუდეველებმა ააბორგეს და ძმების წინააღმდეგ წააქეზეს წარმართთა სული.

3

მრავალ ჟამ იქცეოდეს იგინი განცხადებულად უფლისა მიმართ, რომელი ეწამებოდა მათ სიტყჳთა მით მადლისა მისისაჲთა და მოსცემდა სასწაულებსა და ნიშებსა ყოფად ჴელითა მათითა.

თუმცა ისინი კარგა ხანს დარჩნენ იქ და თამამად ლაპარაკობდნენ უფალზე, რომელიც, თავისი მადლის სიტყვა რომ ემოწმებინა, მათი ხელით ახდენდა სასწაულებსა და ნიშებს.

4

მაშინ განიწვალა სიმრავლე იგი მის ქალაქისაჲ, და რომელნიმე იყვნეს ჰურიათა თანა და რომელნიმე მოციქულთა თანა.

მაშინ მოქალაქენი ორად გაიყვნენ: ზოგი იუდეველებს უჭერდა მხარს, ზოგი კი - მოციქულებს.

5

და ვითარ შეითქუნეს ჰურიანი და წარმართნი მთავრებით მათითურთ ზედა მისლვად და გინებად და ქვისა დაკრებად მათდა,

მაგრამ როცა წარმართები და იუდეველნი თავიანთ მთავრებთან ერთად აღიძრნენ, რათა შეურაცხეყოთ და ჩაექოლათ ისინი,

6

განეშორნეს და მიივლტოდეს ქალაქებსა ლუკაონისასა – ლუსტრად და დერბედ და გარემო სოფლებსა,

გაიგეს, რასაც აპირებდნენ და ლიკაონიის ქალაქებს - ლისტრას, დერბესა და მათ შემოგარენს მიაშურეს,

7

და მუნ ახარებდეს.

და ახარებდნენ იქ.

8

და კაცი ვინმე იყო ლუსტრას შინა, უძლური ორითავე ფერჴთა, და ჯდა მკელობელი დედის მუცლით მისითგან, რომელსა არასადა ევლო.

ლისტრაში იჯდა ერთი კაცი, ორივე ფეხწართმეული, და დედის საშოდანვე ხეიბრად შობილს თავის დღეში არ გაევლო.

9

ამას ესმნეს სიტყუანი პავლესნი, იტყოდა რაჲ. ვითარ მიჰხედა მას პავლე და იხილა, რამეთუ აქუნდა სარწმუნოებაჲ საცხორებელად მისა,

ეს კაცი ყურს უგდებდა პავლეს, რომელმაც შეხედა მას და მიხვდა, რომ რწმენა და განკურნების იმედი ჰქონდა.

10

ჰრქუა მას დიდითა ჴმითა: შენ გეტყჳ სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა, აღდეგ ფერჴთა შენთა ზედა მართლ. და აღიხილნა და იწყო სლვად.

ამიტომაც ხმამაღლა უთხრა: ფეხზე დადექი და გაიმართე! ისიც წამოხტა და სიარული დაიწყო.

11

ხოლო ერმან მან იხილა რაჲ, რომელი-იგი ქმნა პავლე, აღიმაღლეს ჴმაჲ მათი ჴმითა მით ლუკაონებრითა და იტყოდეს: ღმერთნი მსგავსებულ არიან კაცთა და გარდამოსრულ არიან ჩუენდა.

როდესაც ხალხმა დაინახა, რა მოიმოქმედა პავლემ, ხმა აიმაღლა და ლიკაონურად თქვა: ღმერთებს კაცის სახე მიუღიათ და ჩვენთან ჩამოსულანო.

12

და ხადოდეს ბარნაბას დიოს კერპით და პავლეს – ერმით, რამეთუ პავლე იყო წანამძღუარ სიტყჳსა მის.

ამიტომ ბარნაბას ზევსს უწოდებდნენ, პავლეს კი - ჰერმესს, ვინაიდან ის იყო თავკაცი სიტყვისა.

13

ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა და ეგულებოდა ზორვად.

ხოლო ზევსის ქურუმმა, ვისი ტაძარიც ქალაქის წინ იდგა, ბჭესთან მორეკა ხარები და მოიტანა გვირგვინები, რადგანაც სურდა ხალხთან ერთად შეეწირა მსხვერპლი.

14

ესმა რაჲ ესე მოციქულთა ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს:

მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს:

15

კაცნო, რასა იქმთ ამას? რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა,

რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,

16

რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისასა,

და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.

17

და არავე უწამებელად დაუტევა ქველის მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა.

თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.

18

და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დააცხრვეს ერი იგი არა ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსა. და ვიდრე-ღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს.

ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.

19

მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულადმ არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, არამედ ყოველსა ტყუიან. და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი.

მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.

20

და ვითარ-იგი შემოკრბეს და გარე მოადგეს მოწაფენი, აღდგა და შევიდა დერბედ.

მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს,

21

და ახარებდეს ქალაქსა მას და დაიმოწაფნეს მრავალნი, და მივიდეს ლუსტრად და იკონიად და ანტიოქიად,

სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდენ.

22

და განამტკიცებდეს სულსა მოწაფეთასა და ჰლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაჲ სასუფეველსა ღმრთისასა.

ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.

23

და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა.

ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.

24

და განვლეს რაჲ პისიდიაჲ, მოვიდეს პამფილიად;

შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ.

25

და იტყოდეს პერგეს შინა სიტყუასა მას ღმრთისასა და შთავიდეს ატალიად;

პერგეში იქადაგეს სიტყვა და ატალიას მიადგნენ.

26

და მიერ ნავითა მივიდეს ანტიოქიად, ვინაჲცა იგი შევედრებულ იყვნეს მადლითა ღმრთისაჲთა საქმესა მას, რომელიცა აღასრულეს.

იქიდან გასცურეს ანტიოქიისკენ, სადაც ღვთის მადლს იქნენ მინდობილი იმ საქმისათვის, რომელიც აღასრულეს.

27

და მო-რაჲ-ვიდეს, შეკრბეს კრებული იგი და უთხრეს მათ რაოდენი ყო ღმერთმან მათ თანა, და რამეთუ განუღო წარმართთა კარი სარწმუნოებისაჲ.

ანტიოქიაში ჩასულებმა შეკრიბეს ეკლესია და აუწყეს, რა წყალობა მოიღო მათზე ღმერთმა და როგორ გაუხსნა წარმართებს რწმენის კარი.

28

და მუნ იქცეოდეს ჟამთა არა მცირეთა მოწაფეთა მათ თანა.

კარგა ხანს დარჩნენ იქ მოწაფეებთან ერთად.