საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 24
შემდგომად ხუთისა დღისა შთავიდა მღდელთ მოძღუარი ანანია ხუცესთა თანა და მეტყუელისა ვისმე ტერტჳლოჲს თანა, რომელთა აუწყეს მთავარსა მას პავლესთჳს.
ხუთი დღის შემდეგ მოვიდა ანანია მღვდელმთავარი უხუცესებსა და ვინმე მჭევრმეტყველ ტერტულუსსთან ერთად, რომლებმაც მმართველთან უჩივლეს პავლეს.
და ვითარცა მოუწოდეს მას, იწყო ტერტჳლოს შესმენად მისა და თქუა:
როდესაც უხმეს, ტერტულუსმა დაიწყო მისი ბრალდება და თქვა:
მრავალსა მშჳდობასა შინა ვართ შენ ძლით და განგებულებასა, რომელ იქმნების ნათესავსა ამას შინა მოღუაწებითა შენითა, სადავე და ყოველთა ადგილთა, შევიწყნარებთ, მჴნეო ფილიქს, ყოვლითა მადლობითა.
შენი წყალობით გვაქვს სრული მშვიდობა და შენს მზრუნველობას ვუმადლით ამ ხალხის კეთილდღეობას, რასაც დიდი მადლიერებით ვაღიარებთ ყველგან და ყოველთვის, მძლეთამძლეო ფელიქს.
ხოლო რაჲთა არა უმეტეს დაგაშრო შენ, გლოცავ, რაჲთა შემოკლებულად ისმინო ჩუენი შენითა სახიერებითა.
მაგრამ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, გთხოვ მოკლედ მოგვისმინო შენთვის ჩვეული მოწყალებით.
რამეთუ ვპოეთ კაცი ესე ბილწი და შფოთის აღმძრველი ყოველთა შორის ჰურიათა, რომელნი არიან ყოველსა სოფელსა, წინამძღუარი გალილეველთა წვალებისაჲ,
რაკი ეს კაცი მავნებლად, მთელს მსოფლიოში მცხოვრებ იუდეველთა შორის შფოთის აღმძვრელად და ნაზორეველთა მწვალებლობის წინამძღვრად ვცანით,
რომელმან ტაძარსაცა აზმნო შეგინებად, რომელიცა შევიპყართ და მსგავსად სჯულისა ჩუენისა ვინებთ განკითხვაჲ.
თვით ტაძრის შებილწვაც რომ სცადა, ამიტომ ჩვენც შევიპყარით და გვინდოდა ჩვენი რჯულის მიხედვით განგვესაჯა იგი.
ზედა მოგჳჴდა ლუსია ათასისთავი და მრავლითა იძულებითა ჴელთაგან ჩუენთა წარიყვანა და შენ წინაშე წარმოავლინა.
მაგრამ მოვიდა ათასისთავი ლისია, ძალით გამოგვტაცა ხელიდან და შენთან გამოგზავნა.
და ბრძანა შემასმენელთაცა მისთაჲ შენ თანავე მოსლვად, რომლისა მიერ შეუძლო შენ განკითხვად და ცნობად ამის ყოვლისა, რომელსა ჩუენ ვსწამებთ მაგას თანა.
მის ბრალმდებლებსაც გვიბრძანა შენთან მოსვლა; შეგიძლია დაჰკითხო და მისგანვე გაიგებ, რასაც ვდებთ ბრალად.
ეწამებოდეს ჰურიანიცა წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა:
იუდეველებმაც დაუმოწმეს, სწორედ ასეაო.
მიუგო პავლე წამის ყოფითა მთავრისაჲთა და თქუა: მრავლით წლითგან გიცოდე შენ მსაჯულად ამის ნათესავისა, გულს-მოდგინებით თავისა ჩემისათჳს სიტყუაჲ მიუგო.
ხოლო პავლემ, როცა მმართველმა ანიშნა, ილაპარაკეო, თქვა: რაკიღა ვიცი, რომ ამდენი წლის მანძილზე მართლად განიკითხავ ამ ხალხს, მით უფრო თამამად შევძლებ თავის მართლებას.
რამეთუ შემძლებელ ხარ შენ გულისჴმის-ყოფად, არა უმრავლეს არს ჩემი ათორმეტისა დღისა, ვინაჲთგან აღვედ მე იერუსალჱმდ თაყუანის-ცემად.
თვითონვე შეგიძლია შეიტყო, რომ თორმეტი დღე თუ იქნება, რაც იერუსალიმს ავედი თაყვანისცემად.
და არცა ტაძარსა შინა მპოეს მე მეტყუელად ვის თანამე, გინა თუ ამბოხისათჳს ერის კრებად, გინა შესაკრებელთა შორის ანუ თუ ქალაქსა შინა,
არც ტაძარში ვუნახივარ ვინმეს, რომ დავა დამეწყოს ან ამებორგებინოს ხალხი, არც სინაგოგაში და არც ქალაქში.
არცა ძალ-უც შენ წინაშე ჩემ ზედა ამისა ჩინებად, რომლისათჳს-ესე აწ შემასმენენ მე.
ვერც იმას დაამტკიცებენ შენს წინაშე, რაშიაც ახლა მდებენ ბრალს.
ხოლო ამას აღგიარებ შენ, რამეთუ ვჰმსახურებ მამათა ღმერთსა და მრწამს ყოვლისა მისებრ, რომელი სჯულსა და წინაწარმეტყუელთა წერილ არს.
იმას კი ვაღიარებ შენს წინაშე, რომ იმ მოძღვრებით, რომელსაც ისინი მწვალებლურს უწოდებენ, მამების ღმერთს ვემსახურები, და მწამს ყველაფერი, რაც დაწერილია რჯულში და წინასწარმეტყველთა მიერ.
სასოებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ, რომელსა ეგენიცა მოელიან, აღდგომაჲ ყოფად არს მკუდართაჲ, მართალთაჲცა და ცოდვილთაჲცა.
და ღვთის იმედი მაქვს, რომ იქნება მკვდრეთით აღდგომა, როგორც მართალთა, ისე უკეთურთა, რასაც თვითონვე მოელიან.
ამას ზედა ვიღუწი, დაუბრკოლებელი გონებაჲ მაქუს ღმრთისა მიმართ და კაცთა მარადის.
ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.
მრავლისა წლისა შემდგომად ქველის საქმესა ყოფად მოსრულ ვიყავ ნათესავისა ჩემისა და შესაწირავისა,
მრავალი წლის შემდეგ მოვედი, რათა მეძღვნა ჩემი ხალხისთვის მოწყალება და შესაწირავი.
რომელსა შინა მპოეს მე განწმედილი ტაძარსა შინა არა ერითა, არცა შფოთითა.
სწორედ შეწირვისას მნახეს ტაძარში, გაწმენდილი, ხალხისა და შფოთის გარეშე,
ასიაჲთ ვინმე ჰურიათა, რომელთაჲ ჯერ-იყო შენ წინაშე მოსლვაჲ და შესმენად, რაჲ-იგი აქუს ჩემდა მომართ სიტყუაჲ.
ასიელმა იუდეველებმა; სწორედ ისინი უნდა მოსულიყვნენ და შენს წინაშე და ეჩივლათ ჩემთვის, თუკი რაიმე ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ.
ანუ მაგათ თჳთ თქუმად, რაჲ პოეს ჩემ თანა ბრალი, ვდეგ რაჲ-იგი კრებულსა შორის.
არადა, თვით ამათ თქვან, რა ბრალი ჰპოვეს ჩემში, როცა წარვდექი სინედრიონის წინაშე,
ანუ ერთისა მის სიტყჳსათჳს, რომელ ჴმა-ვყავ მათ შორის, რაჲ-იგი ვდეგ, ვითარმედ: აღდგომისათჳს მკუდართაჲსა ვისაჯები დღეს თქუენ მიერ.
გარდა იმ ერთი სიტყვისა, მათ შორის მდგომმა რომ წამოვიძახე: მკვდრეთით აღდგომა რომ მწამს, მიტომ მსჯით-მეთქი დღეს?
ესმა რაჲ ესე ფელიქსს, დრო-იყო მათ, ჭეშმარიტებით იცოდა გზისა მისთჳს და თქუა: რაჟამს ლუსია ათასისთავი მოვიდეს, მაშინ ვცნა თქუენთჳს.
ეს რომ მოისმინა, ფელიქსმა, რომელიც კარგად იცნობდა ამ გზას, გადადო საქმის განხილვა და თქვა: როცა ათასისთავი ლისია მოვა, მაშინ გავარჩევ თქვენს საქმესო.
და უბრძანა ასისთავსა მას დამარხვაჲ პავლესი და რაჲთა იყოს იგი მოლხინედ და ნუვისა ყენებად თჳსთა მისთა მსახურებისა ანუ შესლვად მის თანა.
ხოლო ასისთავს პავლეს დარაჯობა უბრძანა, მაგრამ ისე კი, რომ არ შეეწუხებინათ და არც ახლობლებისთვის დაეშალათ მისი მსახურება ან ნახვა.
ხოლო შემდგომად დღეთა რაოდენთამე მოვიდა ფელიქს დროსილაჲს თანა, ცოლისა თჳსისა, ჰურიისა, მოუწოდა პავლეს და ისმინა მისი იესუ ქრისტეს სარწმუნოებისათჳს.
რამდენიმე დღის შემდეგ ფელიქსი თავის იუდეველ ცოლთან - დრუზილასთან ერთად მივიდა და პავლე მოაყვანინა, რათა იესო ქრისტეს სარწმუნოების ამბავი გამოეკითხა.
და ვითარ-იგი იტყოდა სიმართლისათჳს და მოთმინებისა და სარჩელისათჳს მერმისა, შეეშინა ფელიქსს და ჰრქუა პავლეს: აწ ამას ჟამსა წარვედ, და ჟამსა მოცალესა მოგიწოდო შენ.
მაგრამ რაკი პავლე სამართლიანობაზე, თავდაჭერილობასა და განკითხვაზე ლაპარაკობდა, ფელიქსი შეშინდა და უთხრა: ახლა წადი და როცა მოვიცლი, მაშინ გიხმობო.
და ამას თანა ჰგონებდა, ვითარმედ ფასი მოიღოს მან პავლესგან, რაჲთა განჰჴსნას იგი. ამისთჳს ზედაჲსზედა მოუწოდნ და ზრახავნ მას.
თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე ფულს შეაძლევდა; ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
ხოლო ვითარ ორი წელი აღესრულა, გარდაიდგინა ფელიქს და ნაცვლად მისა მოვიდა პორკიონი ფესტოს, და, რამეთუ ენება ფელიქსს მომადლებაჲ ჰურიათაჲ, დაუტევა პავლე კრულებათა შინა.
მაგრამ ორი წლის შემდეგ ფელიქსის ადგილი პორციუს ფესტუსმა დაიკავა. და რაკი სურდა იუდეველთათვის ეამებინა, ფელიქსმა პატიმრად დატოვა პავლე.
