საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 9
ხოლო სავლე უფროჲსად განრისხნებოდა და სავსე იყო გულის წყრომითა და კლვითა მოწაფეთა მათ ზედა უფლისათა, მოუჴდა მღდელთ მოძღუარსა მას
ხოლო სავლე, რომელიც კვლავ მძვინვარებდა და სიკვდილს უქადდა უფლის მოწაფეთ, მღვდელმთავართან მივიდა
და ითხოვა მისგან წიგნები დამასკოდ სხუათა მიმართ კრებულთა, რაჲთა მივიდეს და, თუ ვინმე პოვნეს ამის მოძღურებისა გზასა, მამები ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ.
და გამოსთხოვა ეპისტოლენი დამასკოს სინაგოგებისადმი, რათა თუ ამ მოძღვრების მიმდევარს ჰპოვებდა ვინმეს, კაცსა თუ ქალს, შებორკილი მიეყვანა იერუსალიმს.
და მი-ოდენ რაჲ-ვიდოდა იგი და მიეახლნეს დამასკესა, მეყსეულად იყო გარემოჲს მისსა ბრწყინვალებაჲ ნათლისაჲ ზეცით გარდამო.
გზად მიმავალი რომ მიუახლოვდა დამასკოს, ანაზდეულად ნათელმა მოიცვა ზეცით.
და იგი დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას: საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე? ფიცხელ არს შენდა წიხნაჲ დეზისაჲ.
მიწაზე დაეცა და მოესმა ხმა, რომელმაც უთხრა: საულ, საულ, რად მდევნი მე?
მან მიუგო და ჰრქუა: შენ ვინ ხარ, უფალო? ჰრქუა მას: მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი.
მიუგო: ვინა ხარ, უფალო? მან კი თქვა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. გაგიჭირდება წიხლვა დეზისა.
არამედ აღდეგ და შევედ ქალაქად, და მუნ გეთხრას შენ, რაჲ-იგი ღირდეს შენდა საქმედ.
შეძრწუნებულმა და გაოგნებულმა უთხრა: რას მიბრძანებ, რა ვქნა, უფალო? ხოლო უფალმა მიუგო: ადექი, შედი ქალაქში და იქ გაიგებ, რისი ქმნაც გმართებს.
და კაცნი იგი, რომელნი იყვნეს მის თანა, დგეს დაკჳრვებულნი. სმენით ესმოდა ჴმაჲ იგი, ხოლო ხედვიდეს ვერარას.
მის მხლებლებს ენა ჩავარდნოდათ; ხმა კი ესმოდათ, მაგრამ ვერავის ხედავდნენ.
აღდგა სავლე ქუეყანით, თუალნი ეხილვნეს და ხედვიდა ვერარას. უპყრეს ჴელი მისთანათა მათ და შეიყვანეს დამასკოდ.
წამოდგა სავლე მიწიდან, თვალები გახელილი ჰქონდა, მაგრამ ვერავის ხედავდა. ხელი ჩაჰკიდეს და ასე შეიყვანეს დამასკოში.
და წარჴდეს სამნი დღენი, და არარას ხედვიდა და არცა ჭამა და არცა სუა.
სამი დღე ვერას ხედავდა; არც ჭამდა და არც სვამდა.
ხოლო იყო ვინმე მოწაფე დამასკეს შინა, სახელით ანანია. და ჰრქუა მას უფალმან ჩუენებით: ანანია! და მან ჰრქუა: აქა ვარ, უფალო.
ხოლო დამასკოში იყო ერთი მოწაფე, სახელად ანანია, რომელსაც ჩვენებით უთხრა უფალმა: ანანია! და მან მიუგო: აქ ვარ, უფალო!
ჰრქუა მას უფალმან: აღდეგ შენ ადრე და მივედ უბანსა მას, რომელსა ჰრქჳან მართალი, და მოიძიე ტაძართა მათ იუდაჲსთა სავლე სახელით, ტარსელი, რამეთუ აჰა-ეგერა ილოცავს მუნ.
უთხრა მას უფალმა: ადექი და მიდი ქუჩაზე, რომელსაც ჰქვია „სწორი“, და იუდას სახლში იკითხე ტარსოსელი კაცი, სახელად სავლე; აი, იქ ლოცულობს იგი.
და იხილა მან ჩუენებით კაცი სახელით ანანია, რომელი შევიდა და დაასხნა ჴელნი მას ზედა, რაჲთა აღიხილნეს.
ხოლო სავლემ ჩვენებით იხილა კაცი, სახელად ანანია, რომელიც მივიდა და ხელი დაადო, რათა კვლავ ახელოდა თვალი.
მიუგო ანანია და ჰრქუა: უფალო, მასმიეს მრავალთაგან მის კაცისათჳს, რაოდენი ძჳრი შეაჩუენა წმიდათა შენთა იერუსალჱმს შინა,
მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.
და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა.
აქაც მღვდელმთავრებისაგან მიუღია უფლება, რომ შეკრას ყველა, ვინც ახსენებს შენს სახელს.
ჰრქუა მას უფალმან: მივედ შენ, რამეთუ მე ჭური რჩეული მიპოვნიეს იგი, რაჲთა ზე აქუნდეს სახელი ჩემი წინაშე ყოველთა წარმართთა, და მეფეთა და მთავართა, ძეთა ისრაჱლისათა.
მაგრამ უფალმა უთხრა: წადი, რადგან ჩემს რჩეულ ჭურჭლად მიცვნია იგი, რათა ატაროს ჩემი სახელი ხალხთა, მეფეთა და ისრაელის ძეთა წინაშე.
და მე უჩუენო მას რაოდენი ღირდეს მისა ვნებად სახელისა ჩემისათჳს.
მე ვუჩვენებ, რაოდენ ვნებას დაითმენს ჩემი სახელის გულისთვის.
აღდგა ანანია და წარვიდა და შევიდა ტაძართა მათ და დაასხნა მის ზედა ჴელნი მისნი და ჰრქუა: საულ ძმაო, უფალმან მომავლინა მე, იესუ, რომელი გეჩუენა შენ გზასა მას, რომელსა მოხჳდოდე, რაჲთა აღიხილნე თუალნი შენნი და აღივსო სულითა წმიდითა.
წავიდა ანანია, შევიდა იმ სახლში, ხელი დაადო და უთხრა: საულ, ძმაო, უფალმა იესომ გამომგზავნა, გზად მიმავალს რომ გეჩვენა, რათა თვალი აგეხილოს და აღივსო სულით წმიდით.
და მყის გარდამოვარდეს თუალთაგან მისთა ვითარცა ნაქურცენნი და მეყსეულად აღიხილნა და აღდგა და ნათელ-იღო.
მაშინვე, თითქოს თვალზე ქერცლი გადასძვრათ, თვალი აეხილა, ადგა და ნათელ იღო.
და მოიღო საზრდელი და განძლიერდა. და იყო მუნ მოწაფეთა მათ თანა დამასკოს დღე რაოდენმე;
საზრდო მიიღო და მომაგრდა. რამდენიმე დღე მოწაფეებთან დაჰყო დამასკოში.
და მეყსეულად შესაკრებელთა შინა ქადაგებდა ქრისტესა, ვითარმედ: ესე არს ძე ღმრთისაჲ.
დაუყოვნებლივ დაიწყო ქადაგება სინაგოგებში და ამბობდა, რომ ქრისტე ძე არის ღვთისა.
და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა თანა?
ყველა მსმენელი განცვიფრებული ამბობდა: განა ეს არ არის, იერუსალიმში მუსრს რომ ავლებდა ამ სახელის მხმობელთ? აქაც ხომ იმისთვის მოვიდა, რომ შეეკრა და მღვდეღმთავართათვის მიეგვარა ისინი?
ხოლო სავლე უფროჲს განძლიერდებოდა და შეჰკრებდა ჰურიათა, რომელნი მყოფ იყვნეს დამასკეს შინა და გულისჴმა-უყოფდამ ვითარმედ: ესე არს ქრისტე.
სავლე კი სულ უფრო ძლიერდებოდა და საგონებელში აგდებდა დამასკოელ იუდეველებს, რადგანაც ამტკიცებდა, რომ ეს არის ქრისტე.
ვითარცა აღესრულნეს დღენი მრავალნი, განიზრახეს ჰურიათა მათ მოკლვაჲ მისი.
საკმაო დრომ რომ განვლო, იუდეველებმა განიზრახეს მოეკლათ იგი.
და მოიყვანეს იგი მოწაფეთა ღამე და ზღუდით გარდაუტევეს იგი სფჳრიდითა.
მაგრამ სავლემ გაიგო მათი განზრახვა, ვინაიდან დღე და ღამ მოსაკლავად უდარაჯებდნენ კართან.
მაშინ მოწაფეებმა ღამით აიყვანეს და გალავნიდან ჩაუშვეს გოდრით.
და მი-რაჲ-ვიდა სავლე იერუსალჱმდ, აზმნობდა შედგომად მოწაფეთა მათ; და ყოველთა ეშინოდა მისგან, რამეთუ არა ჰრწმენა, ვითარმედ არს იგი მოწაფე.
სავლე იერუსალიმში მივიდა და ცდილობდა შეერთებოდა მოწაფეებს, მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, რადგანაც არ სჯეროდათ, რომ მოწაფე იყო.
ხოლო ბარნაბა წარმოიყვანა იგი და მოჰგუარა მოციქულთა და უთხრა მათ, ვითარ-იგი გზასა ზედა იხილა უფალი და რამეთუ ეტყოდა მას და ვითარ-იგი დამასკეს შინა განეცხადა სახელითა იესუჲსითა.
ხოლო ბარნაბამ წაიყვანა იგი, მოციქულებს მიჰგვარა და უამბო მათ, როგორ იხილა გზაზე უფალი, რა უთხრა უფალმა მას და რა თამამად ქადაგებდა დამასკოში იესოს სახელით.
და იყო მათ თანა და შევიდოდა იერუსალჱმს და განეცხადებოდა სახელითა უფლისა იესუჲსითა.
ასე დარჩა მათთან ერთად იერუსალიმში, მიმოდიოდა და თამამად ქადაგებდა უფლის სახელით.
ეტყოდა და გამოეძიებდა ბერძლ მეტყუელთა მათ თანა, ხოლო იგინი განიზრახვიდეს მოკლვასა მისსა.
ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი.
და ვითარცა აგრძნეს ესე ძმათა, წარიყვანეს კესარიად და წარგზავნეს იგი ტარსუნდ.
ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს.
ხოლო ეკლესიანი იგი ყოველთა მათ ადგილთა ჰურიასტანისათა და გალილეაჲსათა და სამარიაჲსათა ეგნეს მშჳდობით, შენნი და წარმართებულნი შიშსა უფლისასა, და ნუგეშინის-ცემითა სულისა წმიდისაჲთა განმრავლდებოდეს.
ხოლო ეკლესიას მთელს იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
და იყო, იქცეოდა რაჲ პეტრე ყოველთა მათ ადგილთა, შთავიდა წმიდათა მათცა, რომელნი მკჳდრ იყვნეს ლჳდიას.
მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.
და პოა მუნ კაცი ვინმე, რომელსა სახელი ერქუა ენეა, რვა წლითგან ქუემდებარე ცხედარსა ზედა, რომელი იყო განრღვეულ.
და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.
და ჰრქუა მას პეტრე: ენეა, განგკურნებს შენ უფალი იესუ ქრისტე, აღდეგ და გარდაყარენ სარეცელნი შენნი. და მეყსეულად აღდგა.
უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.
და იხილეს იგი ყოველთა მკჳდრთა ლუდიისათა და სარონოსათა, რომელთა-იგი მოაქციეს უფლისა.
მაშინ მისი შემყურე ლიდიისა და სარონის ყველა მკვიდრი უფლისაკენ მოიქცა.
ხოლო იოპეს შინა იყო ვინმე დედაკაცი დამოწაფებული, რომელსა სახელი ერქუა ტაბითა, რომელი გამოითარგმანების ქურციკ. ესე სავსე იყო ქველის საქმითა და წყალობითა, რომელსა-იგი იქმოდა.
ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.
და იყო მათ დღეთა შინა დასნეულებაჲ მისი და სიკუდილი. ხოლო დაბანეს იგი და დადვეს ქორსა მას შინა.
მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.
რამეთუ ახს ლუდიაჲ იოპესა, ესმა მოწაფეთა, ვითარმედ პეტრე მუნ არს, და მიავლინნეს მისა ორნი კაცნი და ჰლოცვიდეს, ვითარმედ: ნუ გცონის მოსლვად ვიდრე ჩუენდამდე.
რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.
და აღდგა პეტრე და წარვიდა მათ თანა; რომელი ვითარცა მივიდა აღიყვანეს ქორსა მას ზედა. და გარე მოადგა მას ქურივები იგი, ყოველნი ტიროდეს და უჩუენებდეს კუბასტებსა და სამოსლებსა, რაოდენსა იქმოდა, მათ თანა რაჲ იყო ტაბითა.
პეტრეც ადგა და გაჰყვა მათ. როცა მივიდა, ქორედში აიყვანეს, სადაც შემოეხვივნენ ქვრივი ქალები, მწარედ რომ ტიროდნენ და უჩვენებდნენ მოსასხამებსა და სამოსელს, რომლებსაც ქსოვდა ტაბითა, სანამდის მათთან იყო.
ხოლო პეტრე განავლინნა გარე ყოველნი და მოიდრიკნა მუჴლნი და ილოცა. და მოექცა გუამსა მას და ჰრქუა: ტაბითა, აღდეგ. და მან მეყსეულად აღიხილნა თუალნი თჳსნი და, იხილა რაჲ პეტრე, წარმოჯდა.
პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.
ხოლო მან მისცა მას ჴელი და აღადგინა იგი და მოუწოდა წმიდათა მათ და ქურივთა და წარუდგინა იგი ცოცხალი.
ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.
აგრძნა ესე ყოველმან იოპემან და ჰრწმენა მრავალთა უფალი.
ეს ამბავი მთელ იოპეს მოედო და ბევრმა იწამა უფალი.
და იყო იგი მრავალ დღე დადგრომილ იოპეს შინა სიმონ ვისმე მეპრატაკისა თანა.
პეტრე დიდხანს დარჩა იოპეს, ვინმე სიმონ დაბაღის სახლში.
