საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 13
იყვნეს ინტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაწარმეტყუელნი და მოძღუარნი: ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაინ, რომელი-იგი იყო ძუძუს მტე ჰეროდე მეფისაჲ, და სავლე.
ხოლო ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნიგერი, ლუციუს კირენელი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე მანაენი და სავლე.
და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ.
უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.
მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი და განუტევნეს.
მაშინ, მარხვას და ლოცვას რომ მორჩნენ, ხელი დაადეს მათ და გაუშვეს.
ესენი უკუე ვითარცა წარიგზავნნეს სულისა მიერ წმიდისა, შთავიდეს სელევკიად , და მიერ ნავითა წიაღჴდეს კჳპრედ.
ხოლო ისინი, სულის წმიდის მიერ მივლინებულნი, სელევკიაში ჩავიდნენ და იქიდან კიპროსისკენ გაცურეს.
და შე-რაჲ-ვიდეს სალამინდ, უთხრობდეს სიტყუასა მას ღმრთისასა შესაკრებელსა მას შორის ჰურიათასა; თანა ჰყვანდა იოვანეცა მსახურად.
სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას.
და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაწარმეტყუელი, ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარიისუ,
როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტცელს, სახელად ბარიესოს,
რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა.
რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.
ხოლო უჴდებოდა მას ელჳმას, მოგჳ იგი, რამეთუ ესრეთ გამოითარგმანების სახელი მისი, და ეძიებდა გარდაქცევასა ანთჳპატისასა სარწმუნოებისაგან.
მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული.
ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას
ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას
და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა?
და უთხრა: ეჰა, სავსეთ ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?
და აწ ესერა ჴელი უფლისაჲ შენ ზედა, და იყო შენ ბრმა და შენ ხედვიდე მზესა ვიდრე ჟამადმდე. და მეყსეულად დაეცა მის ზედა არმური და ბნელი, და მიმოვიდოდა და იძიებდა მძღუარსა.
აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
მაშინ ვითარცა იხილა ანთჳპატმან მან, რაჲ-იგი იქმნა, ჰრწმენა განკჳრვებულსა მოძღურებასა მას ზედა უფლისასა.
როცა პროკონსულმა დაინახა, რაც მოხდა, ირწმუნა, უფლის მოძღვრებით განცვიფრებულმა.
წარ-რაჲ-ვიდეს პაფოჲთ პავლე და მისთანანი იგი, წიაღჴდეს პერგედ პამფილიაჲსა. ხოლო იოვანე განეშორა მათგან და მიიქცა მუნვე იერუსალჱმდ.
პაფოსიდან წამოსული პავლე და მისი მხლებლები პამფილიის პერგეში ჩავიდნენ, იოანე კი ჩამოსცილდა მათ და იერუსალიმში დაბრუნდა.
და იგინი განვიდეს პერგით და მივიდეს ანტიოქიად პისიდიისა, და შევიდეს შესაკრებელსა მათსა დღესა შაბათსა და დასხდეს.
ხოლო ისინი პერგედან პისიდიის ანტიოქიას მიადგნენ, შაბათ დღეს შევიდნენ სინაგოგაში და დასხდნენ.
და ვითარცა აღმოიკითხეს სჯული და წინაწარმეტყუელნი, მიავლინნეს მათდა შესაკრებელის მთავართა მათ და ჰრქუეს: კაცნო ძმანო, უკუეთუ არს თქუენ თანა სიტყუაჲ ნუგეშინის-ცემისაჲ ერისა ამის მომართ, იტყოდეთ.
რჯულისა და წინასწარმეტყველთა კითხვას რომ მორჩნენ, სინაგოგის წინამძღვრებმა კაცის პირით შეუთვალეს: კაცნო, ძმანო, თუ სამოძღვრო სიტყვა რამ გაქვთ ამ ხალხისათვის სათქმელი, თქვით.
აღდგა პავლე და განუყარა ჴელი, რაჲთა დადუმნენ, და თქუა: კაცნო ისრაიტელნო და რომელნი მოშიშნი ღმრთისანი ხართ, ისმინეთ!
წამოდგა პავლე, ხელით ანიშნა ხალხს, დაჩუმდითო, და თქვა: მისმინეთ!
ღმერთმან ამის ერისამან გამოირჩინა მამანი ჩუენნი და ერი იგი აღამაღლა ჟამსა მას მწირობისასა ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და მკლავითა მაღლითა გამოიყვანნა იგინი მიერ.
ამ ხალხის, ისრაელის ღმერთმა გამოარჩია ჩვენი მამები, აამაღლა ეს ხალხი ეგვიპტის მიწაზე ყოფნისას და ზეშემართული მკლავით გამოიყვანა იქიდან.
და ზრდიდა მათ უდაბნოსა ზედა ორმეოცისა წლისა ჟამთა,
ორმოციოდე წელიწადს ასაზრდოებდა მათ უდაბნოში.
და დაარღჳნა ნათესავნი შჳდნი ქუეყანასა მას ქანანისასა და დაუმკჳდრა მათ ქუეყანაჲ იგი მათი.
ქანაანის მიწაზე შვიდ ხალხს გაავლო მუსრი და ისრაელს დაუმკვიდრა მათი ქვეყანა.
და შემდგომად ამისა ვითარ ოთხას ერგასის წელ ოდენ მოსცა მათ მსაჯულებ მიდღედმდე სამოელ წინაწარმეტყუელისა.
შემდგომ ამისა, თითქმის ოთხას ორმოცდაათი წლის მანძილზე აძლევდა მათ მსაჯულებს წინასწარმეტყველ სამუელამდე.
მიერითგან ითხოვეს მეფე, და მოსცა მათ ღმერთმან საულ, ძე კისისი, კაცი ნათესავისაგან ბენიამენისა, ორმეოც წელ.
მერე ითხოვეს და მისცა ღმერთმა მათ საული, ძე კისისა, ბენიამინის ტომიდან, და მეფობდა იგი ორმოც წელიწადს.
და ვითარცა გარდაცვალა იგი, აღუდგინა მათ დავით მეფედ, რომელსა-იგი თავადი ეწამა, და თქუა: ვპოვე დავით ძე იესესი, კაცი გულითადი ჩემი, რომელმან ყოს ყოველი ნებაჲ ჩემი.
ხოლო მისი გადაყენების შემდეგ მეფედ დაუსვა მათ დავითი, ვისაც თავად უმოწმა სიტყვით: „ვპოვე დავითი, ძე იესესი, ჩემი გულით ნანატრი კაცი, რომელიც მთლიანად აღასრულებს ჩემს ნებას“.
მისისა მის ნათესავისაგან ღმერთმან აღთქუმისა მისებრ აღუდგინა ისრაჱლსა მჴსნელი იესუ,
სწორედ მისი თესლისგან ღმერთმა აღთქმისამებრ აღუდგინა ისრაელს მაცხოვარი იესო,
რომელსა წინაჲსწარ ქადაგებდა იოვანე წინაშე პირსა შემოსლვისა მისისასა ნათლის-ღებასა სინანულისასა ყოვლისა მიმართ ერისა ისრაჱლისა.
ვის მოსვლამდეც იოანე წინასწარ უქადაგებდა მთელ ხალხს ნათლისღებას სინანულისას.
ვითარცა აღასრულებდა იოვანე სრბასა თჳსსა, იტყოდა: ვინ-იგი გგონიე მე ყოფად, მე არა იგი ვარ, არამედ ესერა მოვალს შემდგომად ჩემსა, რომელსა-იგი არა ვარ ღირს განჴსნად ჴამლთა ფერჴთა მისთასა.
ხოლო თავისი სარბიელის დასასრულს იოანე ამბობდა: ვინც თქვენ გგონივართ, ის არა ვარ; არამედ, აჰა, მოდის ჩემს შემდეგ ის, ვის წინაშე იმის ღირსიც არა ვარ, რომ ხამლი შევუხსნა ფეხზე.
კაცნო ძმანო და ძენო ნათესავისა მის აბრაჰამისნო, და თქუენ შორის რომელთა ეშინის ღმრთისა, თქუენთჳს სიტყუაჲ იგი ცხორებისაჲ მოივლინა.
კაცნო, ძმანო, აბრაამის მოდგმის ძენო და ღვთისმოშიშნო თქვენს შორის: აჰა, მოგევლინათ ხსნის სიტყვა.
რამეთუ რომელნი-იგი მკჳდრ არიან იერუსალჱმს შინა და მთავარნი იგი მათნი ამას უმეცარ იქმნნეს და ჴმათა მათ წინაწარმეტყუელთასა, რომელნი-იგი ყოველთა შაბათთა აღმოიკითხვოდეს, საჯეს და აღასრულეს.
ვინაიდან იერუსალიმელებმა და მათმა მთავრებმა ვერ იცნეს იგი, განსაჯეს და, ამრიგად, აღასრულეს წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც იკითხება ყოველ შაბათს.
და არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ უპოეს და მოითხოვეს პილატესგან მოკლვად იგი.
და რაკი სიკვდილით დასჯის ღირსი ერთი ბრალიც ვერ უპოვეს, პილატეს სთხოვეს, მოეკლა იგი.
და ვითარ-იგი აღასრულეს ყოველივე, რომელი მისთჳს წერილ იყო, გარდამოჰჴსნეს იგი ძელისაგან და დადვეს საფლავსა.
ხოლო როცა აღასრულეს ყველაფერი, რაც მასზე დაიწერა, ძელიდან ჩამოხსნეს და სამარხში დაასვენეს.
ხოლო ღმერთმან აღადგინა იგი მკუდრეთით,
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.
რომელი-იგი ეჩუენა დღეთა მრავალთა მათ, რომელნი-იგი მის თანა აღმოსულ იყვნეს გალილეაჲთ იერუსალჱმდ, რომელნი-იგი აწ არიან მოწამე მისა ერისა მიმართ.
მრავალი დღის განმავლობაში ეჩვენებოდა გალილეიდან იერუსალიმში მასთან ერთად ამოსულთ, რომელნიც ახლა მისი მოწმენი არიან ხალხის წინაშე.
და ჩუენ თქუენ გახარებთ მამათა მიმართ ქმნილსა მას აღთქუმასა, რამეთუ ესე ღმერთმან აღუსრულა შვილთა მათთა და ჩუენ აღგჳდგინა იესუ.
და ჩვენ გახარებთ, რომ მამებისათვის მიცემული აღთქმა ღმერთმა აგვისრულა მათ შვილებს და აღგვიდგინა იესო.
ვითარცა ფსალმუნსა მეორესა წერილ არს, ვითარმედ: ძე ჩემი ხარ შენ და მე დღეს მიშობიე შენ.
როგორც წერია მეორე ფსალმუნში: „ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ“.
ხოლო რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით და არღარა ეგულებოდა მიქცევაჲ განსახრწნელად, ესრეთ თქუა, ვითარმედ: მიგცე თქუენ წმიდაჲ იგი დავითისი სარწმუნოჲ.
ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.
რომლისათჳს სხუასაცა ადგილსა იტყჳს: არა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი.
ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“.
რამეთუ დავით ნათესავსა შინა თჳსსა ჰმსახურა და ნებითა ღმრთისაჲთა შეისუენა და შეეძინა მამათა თჳსთა და იხილა განსახრწნელი.
დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
ხოლო რომელი ღმერთმან აღდგინა, არა იხილა განსახრწნელი.
ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.
უწყებულ უკუე იყავნ ესე თქუენდა, კაცნო ძმანო, რამეთუ ამის მიერ თქუენ მოტევებაჲ ცოდვათაჲ გეხარების;
მაშ, იცოდეთ, კაცნო, ძმანო, რომ მის მიერ გეუწყებათ ცოდვათა მიტევება.
და ყოველთა მათგან, რომელთაგან ვერ უძლეთ სჯულითა მით მოსესითა განმართლებად, ამის მიერ ყოველსა რომელსა ჰრწმენეს, განმართლდების.
ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
იხილეთ, ნუუკუე მოიწიოს თქუენ ზედა თქუმული იგი წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ:
ფრთხილად იყავით, რათა არ მოიწიოს თქვენზე წინასწარმეტყველთაგან თქმული:
იხილეთ შეურაცხის-მყოფელთა მაგათ და გიკჳრდინ და განირყუნენით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა თქუენთა, საქმესა რომელი-იგი არა გრწმენეს, უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ.
„უყურეთ, მოძულენო, განცვიფრდით და განქარდით, რადგანაც იმნაირ საქმეს აღვასრულებ თქვენს დროში, რომელსაც არ დაიჯერებდით, ვინმეს რომ ეამბნა თქვენთვის“.
და ვითარცა ეგულებოდა მათ განსლვაჲ შესაკრებელისაგან ჰურიათაჲსა, ჰლოცვიდეს მათ წარმართნი და ევედრებოდეს მერმესაცა შაბათსა თხრობად მათდა სიტყუათა ამათ.
იუდეველთა სინაგოგიდან გამოსვლისას ხალხი სთხოვდა მათ, იგივე ელაპარაკათ მომავალ შაბათს.
და ვითარცა განუტევეს კრებული იგი, მისდევდეს მათ მრავალნი ჰურიათაგანნი და მორწმუნეთა მათ მწირთაგანნი პავლეს და ბარნაბას, ხოლო იგინი ეტყოდეს მათ და არწმუნებდეს მტკიცედ დადგრომად მადლსა მას ზედა ღმრთისასა.
საკრებულო რომ დაიშალა, იუდეველთა და ღვთისმოსავ პროზელიტთაგან მრავალი გაჰყვა პავლესა და ბარნაბას, რომლებიც ესაუბრებოდნენ და არწმუნებდნენ მათ, დამკვიდრებულიყვნენ ღვთის მადლში.
და მერმესა მას შაბათსა კნინღა-და ყოველი იგი ქალაქი შეკრბა სმენად სიტყუასა მას უფლისასა.
მეორე დღეს თითქმის მთელმა ქალაქმა მოიყარა თავი, რათა მოესმინათ ღვთის სიტყვა.
ხოლო იხილეს რაჲ ჰურიათა მათ ეგოდენი იგი ერი, აღივსნეს შურითა და მჴდომად აღუდგეს სიტყუათა მათ პავლესთა და ჰგმობდეს მათ.
ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.
განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას და არა ღირსად გისჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა-ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ.
ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.
რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა.
რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
ესე რაჲ ესმოდა წარმართთა, უხაროდა და ადიდებდეს სიტყუასა მას უფლისასა. და ჰრწმენა, რაოდენნიცა იყვნეს დაწესებულ ცხორებასა საუკუნესა.
ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის.
და მიმოეფინებოდა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ ყოველსა მას სოფელსა.
და ვრცელდებოდა უფლის სიტყვა მთელს ქვეყანაში.
ხოლო ჰურიათა მათ განარისხნეს მსახურნი იგი დედანი აზნაურნი და მთავარნი იგი მის ქალაქისანი, და აღადგინეს დევნაჲ პავლეს და ბარნაბაჲს ზედა და განდევნნეს იგინი საზღვრით მათით.
მაგრამ იუდეველებმა წააქეზეს ღვთისმოსავი და წარჩინებული ქალები და ქალაქის თავკაცნი, დევნა დაუწყეს პავლესა და ბარნაბას და თავიანთი საზღვრებიდან გააძევეს ისინი.
ხოლო მათ განიყარეს მტუერი ფერჴთა მათთაჲ მათ ზედა და მივიდეს იკონიად.
ხოლო მათ ჩამოიბერტყეს ფეხიდან მტვერი და იკონიას მიაშურეს.
და მოწაფენი იგი აღივსებოდეს მადლითა და სულითა წმიდითა.
მოწაფეები კი ივსებოდნენ სიხარულით და სულით წმიდით.
