საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 12

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა

იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.

2

და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა.

და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.

3

და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი.

რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა (უფუარობის დღეები იყო).

4

და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას.

როგორც კი შეიპყრო, საპყრობილეში ჩასვა და ჯარისკაცთა ოთხ ათეულს უბრძანა მისი დარაჯობა, რადგანაც აპირებდა ნაპასექევს ხალხის წინაშე გამოეყვანა.

5

და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს.

ასე რომ, პეტრეს დარაჯობდნენ საპყრობილეში, ეკლესია კი გულმხურვალედ ლოცულობდა მისთვის ღვთის მიმართ.

6

რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას.

იმ ღამეს, როცა ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა, პეტრეს ორ ჯარისკაცს შორის ეძინა, ორმაგი ჯაჭვით შეკრულს, კართან მდგარი მცველები კი საპყრობილეს დარაჯობდნენ.

7

და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა.

და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი.

8

ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე.

ანგელოზმა თქვა: სარტყელი მოირტყი და ჩაიცვი შენი ხამლები. ასეც მოიქცა. მან კი უბრძანა: მოისხი შენი მოსასხამი და მომყევი.

9

და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს.

გავიდა და პეტრეც გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ ცხადი იყო, რასაც იქმოდა ანგელოზი, არამედ ეგონა სიზმარს ვხედავო.

10

და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი.

პირველსა და მეორე საგუშაგოს რომ გასცდნენ, ქალაქში შესასვლელ რკინის ბჭეს მიადგნენ, თავისით რომ გაიღო მათ წინაშე, და როცა გამოსულებმა ერთი ქუჩა გაიარეს, მყისვე გაშორდა მას ანგელოზი.

11

და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.

გონს რომ მოეგო, პეტრემ თქვა: ახლა კი ვხედავ ჭეშმარიტად, რომ უფალმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მოელოდნენ იუდეველნი.

12

გულსა მოეგონა და მივიდა სახლსა მარიამისსა, დედისა მის იოვანესსა, რომელსა ერქუა მარკოს, სადა-იგი იყვნეს მრავალნი შეკრებულ და ილოცვიდეს.

ამ ფიქრით მიადგა მარკოზად წოდებული იოანეს სახლს, სადაც მრავალნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.

13

და ვითარცა ჰრეკა პეტრე კარსა ბჭისასა, გამოვიდა მჴევალი ერთი სმენად, რომელსა სახელი ერქუა როდი.

როდესაც პეტრემ ჭიშკარზე დააკაკუნა, მისაყურადებლად გამოვიდა ერთი მხევალი, სახელად როდე.

14

და ვითარცა იცნა ჴმაჲ იგი პეტრესი, სიხარულითა არა განუღო მას კარი, არამედ შინა შერბიოდა და უთხრა, ვითარმედ: პეტრე კართა ზედა დგას.

პეტრეს ხმა რომ შეიცნო, სიხარულისაგან ჭიშკარიც კი არ გაუღია, არამედ შინ შევარდა და შეკრებილთ შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.

15

ხოლო მათ ჰრქუეს: ჰბორგი. და იგი დაამტკიცებდა, ვითარმედ: ესრეთ არს. ხოლო იგინი იტყოდეს, ვითარმედ: ანგელოზი მისი არს.

მათ უთხრეს, ხომ არ შეიშალეო, ის კი თავისას გაიძახოდა. მაშინ თქვეს: მისი ანგელოზი იქნებაო.

16

და პეტრე ჰრეკდა კარსა მას ზედაჲს-ზედა. ხოლო გან-რაჲ-უღეს, იხილეს იგი და განჰკრთეს.

პეტრე კი განაგრძობდა კაკუნს. როცა გაუღეს, დაინახეს და სახტად დარჩნენ.

17

მან ჴელი განუყარა მათ, რაჲთა დადუმნენ. და მიუთხრა მათ, ვითარ-იგი უფალმან გამოიყვანა საპყრობილით, და ამცნო: უთხართ ესე იაკობს და ძმათა ყოველთა. და განვიდა და წარვიდა სხუასა ადგილსა.

ხოლო მან ხელით ანიშნა, ჩუმად იყავითო, და უამბო მათ, როგორ გამოიყვანა უფალმა საპყრობილედან; მერე თქვა: ეს ამბავი იაკობს და ძმებსაც შეატყობინეთო; გამოვიდა და სხვაგან წავიდა.

18

და ვითარცა განთენა, არა მცირედი შეზრუნებაჲ იყო ერის კაცთაჲ მათ, ვითარმე: რაიმე იქმნა პეტრე?

განთიადისას ჯარისკაცებს შორის განგაში ატყდა: პეტრე რა იქნაო?

19

და ჰეროდე ეძიებდა მას და არა პოვა. მაშინ განიკითხნა მცველნი იგი და ბრძანა მოკლვაჲ მათი. და მოვიდა მიერ ჰურიასტანით და კესარიას იქცეოდა.

ჰეროდემ ბევრი ეძება, მაგრამ ვერ მიაგნო. მაშინ დაჰკითხა მცველები და მათი დახოცვა ბრძანა. მერე კი იუდეიდან კესარიაში ჩავიდა და იქ დარჩა.

20

ხოლო იყო ჰეროდე გულ-მწყრალ ტჳრელთა და სიდონელთათჳს. და იგინი მოსრულ იყვნეს ერბამად მისა და ქველის მეტყუელ იყოფდეს ვლასტონს, რომელი იყო სასუენებელსა ზედა მეფისასა, და ითხოვდეს მშჳდობასა, რამეთუ ქუეყანაჲ იგი მათი იზარდებოდა სამეუფოჲსაგან მისისა.

ჰეროდე გულმწყრალად იყო ტიროსელთა და სიდონელთა მიმართ. ამიტომაც ისინი ერთად მივიდნენ, გადაიბირეს ბლასტოსი, მეფის მესაწოლე, და ზავი ითხოვეს, ვინაიდან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან იღებდა სარჩოს.

21

და დღესა ერთსა დაწესებულსა ჰეროდე შეიმოსა სამოსელი სამეუფოჲ და დაჯდა საყდარსა ზედა და ზრახვიდა მათდა მიმართ.

დათქმულ დღეს სამეფო სამოსით მოსილი ჰეროდე ტახტზე დაჯდა და სიტყვით მიმართა მათ.

22

და ერი იგი ღაღადებდა: ღმრთისა ჴმაჲ არს და არა კაცისაჲ.

ხალხი კი ღაღადებდა: ღმერთის ხმა გვესმის და არა კაცისაო.

23

და მეყსეულად სცა მას ანგელოზმან უფლისამან ამისთჳს, რამეთუ არა მისცა დიდებაჲ ღმერთსა, და იქმნა იგი მატლთა შესაჭმელ და სულნი წარჰჴდეს.

მაგრამ უფლის ანგელოსმა ანაზდეულად დაამხო იგი, რადგანაც დიდება არ მიაგო ღმერთს, და მატლებისაგან შეჭმულმა სული განუტევა.

24

რამეთუ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა.

ღვთის სიტყვა კი იზრდებოდა და ფრთებს შლიდა.

25

ბარნაბა და სავლე მოიქცეს იერუსალჱმით ანტიოქიადვე, ვითარ-იგი აღასრულეს მსახურებაჲ მათი; თანა წარიყვანეს იოვანეცა, რომელსა წოდებულ იყო მარკოზ.

თავიანთი მსახურება რომ აღასრულეს, ბარნაბა და სავლე იერუსალიმიდან კვლავ ანტიოქიაში დაბრუნდნენ და თან ჩაიყვანეს იოანე, ვისაც მარკოზადაც უხმობდნენ.