საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 6
ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ.
ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.
მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა.
მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ.
აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა,
მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება.
ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.
ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი.
და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი,
მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი,
და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი.
რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ.
და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალჱმს შინა ფრიად და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა.
იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.
ხოლო სტეფანე სავსე მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა ერსა შორის.
ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა,
მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.
და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით სულისა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი.
მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი.
მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა.
მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.
და აღძრნეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა,
და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.
და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა,
წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.
რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესო ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს რჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.
რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.
მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.
