საქმე წმიდათა მოციქულთა (აღწერილი ლუკა მახარებელისა) · თავი 5
კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირას თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ
ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა,
და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, – უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, – და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.
ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო.
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა?
მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი?
ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა.
განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს.
ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს. და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას.
და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს.
წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს.
და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა.
სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა.
ჰრქუა მას პეტრე: მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი? ხოლო მან ჰქრუა: ჰე, ეგოდენის.
ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად.
ჰრქუა მას პეტრე: რაჲსათჳს ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ არა აჰა-ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა?
უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ.
და დაეცა მეყსეულად ფერჴთა თანა მისთა და სული წარჰჴდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი და ჰპოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა.
მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს.
და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს.
ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.
ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.
ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.
დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ.
უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ,
და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა.
ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ მისი შეადგეს მათგანსა.
ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ.
და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.
ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ.
აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ აღივსნეს შურითა.
მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ.
და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე.
ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს.
ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა:
მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:
მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა.
წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ მოვიდა მღდელთ მოძღუარი იგი და მისთანანი, და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა, და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა.
ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში.
ხოლო მი-რაჲ-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და მოიქცეს იგინი
მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს:
და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოეთ.
საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ.
და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳსმ ვითარმედ: რაჲმე იქმნა ესე?
ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო?
მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ეგერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა.
ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო.
მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბონ.
მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო.
და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღდელთ მოძღუარი იგი
როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ:
და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის?
აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი.
მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს ვიდრე კაცთაჲ.
ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა.
ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა;
ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაჰკიდეთ და მოჰკალით.
ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაჱლსა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ,
თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს.
და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა.
ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ.
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა.
ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის.
ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ,
მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები.
და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად?
მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს.
რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ.
ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ.
ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს.
შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც.
და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს;
ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება.
ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას.
ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ.
და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი.
დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი.
ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად.
ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ.
და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტესითა.
ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს.
