სახარება ლუკასაგან · თავი 10

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად.

ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.

2

და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ. ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაჲთა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თჳსსა.

უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.

3

წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ, ვითარცა კრავთა შორის მგელთა.

წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.

4

ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერჴთაჲ და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ.

ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.

5

და რომელსაცა სახლსა შეხჳდეთ, პირველად თქუთ: მშჳდობაჲ სახლსა ამას!

რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.

6

და უკუეთუ იყოს მუნ ძჱ მშჳიდობისაჲ, განისუენოს მის ზედა მშჳდობამან თქუენმან, უკუეთუ არა − თქუენდავე მოიქცეს.

თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.

7

მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა, ნუ მიხუალთ სახლითი სახლად.

იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.

8

და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა

თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.

9

და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.

10

და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ:

ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:

11

აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერჴთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემცა უწყით, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.

12

გეტყჳ თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის.

გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.

13

ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტჳროსს და სიდონს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველვემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს.

ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.

14

ხოლო ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ.

ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.

15

და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე.

და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.

16

რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა; და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხ-ჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა.

თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს.

17

და მოიქცეს სამეოც და ათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა.

სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით.

18

ჰრქუა მათ იესუ: ვხედევდ ეშმაკსა ვითარცა ელვასა, ზეცით გარდამოვრდომილსა.

და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.

19

აჰა მიგცემ თქუენ ჴელმწიფებასა დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა, და თქუენ არარაჲ გევნოს.

აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.

20

ხოლო ამას ზედა ნუ გიხარინ, რამეთუ სულნი უკეთურნი დაგემორჩილებიან, არამედ გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა.

მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში.

21

მას ჟამსა შინა იხარებდა იესუ სულითა და თქუა: აღგიარებ შენ, მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე.

მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.

22

და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს.

ყველაფერი მამისაგან მომეცა მე, და არავინ იცის, ვინ არის ძე, გარდა მამისა, და არც ის, ვინ არის მამა, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს გამოცხადებას.

23

და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის.

მიუბრუნდა მოწაფეებს და განცალკევებით უთხრა: ნეტარ არიან თვალნი, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.

24

ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.

რადგანაც გეუბნებით თქვენ: მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდათ ეხილათ ის, რასაც თქვენ ხედავთ, და ვერ იხილეს; და ესმინათ ის, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ ისმინეს.

25

და აჰა ესერა სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო?

და აჰა, ერთი რჯულის მოძღვარი წამოდგა და საცდუნებლად უთხრა მას: მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?

26

ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ?

უთხრა მას: რა სწერია რჯულში? როგორ ამოიკითხავ?

27

ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი.

ხოლო მან პასუხად თქვა: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით; და: მოყვასი მენი, ვითარცა თავი შენი.

28

ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.

უთხრა მას: სწორად მიპასუხე; ეგრე მოიქეცი და ცხონდები.

29

ხოლო მას უნდა განმართლებად თავი თჳსი და ჰრქუა იესუს: და ვინ არს მოყუას ჩემდა?

ხოლო მან თავის გასამართლებლად ჰკითხა იესოს: კი მაგრამ, ვინ არის ჩემი მოყვასი?

30

მიუგო იესუ და ჰრქუა: კაცი ვინმე გარდამოვიდოდა იერუსალჱმით იერიქოდ, და ავაზაკნი დაესხნეს, განძარცუეს იგი, დაწყლეს და წარვიდეს და დაუტევეს მწყდარი.

მიუგო იესომ და უთხრა მას: ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონს მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში, რომლებმაც გაძარცვეს, დაჭრეს და გაიქცნენ, ის კი ცოცხალ-მკვდარი დააგდეს.

31

ხოლო დამთხუევით მღდელი ვინმე შთავიდოდა მასვე გზასა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.

შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა ამ გზაზე და დაინახა იგი, მაგრამ გვერდი აუქცია.

32

და ეგრეთვე ლევიტელი მასვე ადგილსა მივიდა და იხილა იგი და თანა-წარჰჴდა.

ასევე ერომა ლევიტელმაც ჩამოიარა იქვე, დაინახა და გვერდი აუქცია.

33

მერმე სამარიტელი ვინმე წარვიდოდა, მოვიდა მასვე ადგილსა, იხილა იგი და შეეწყალა.

მერე ერთმა გზად მიმავალმა სამარიელმა ჩამოიარა, დაინახა და შეებრალა იგი;

34

და მოვიდა მისა და შეუხჳა წყლული იგი და დაასხა ზეთი და ღჳნოჲ და აღსუა იგი კარაულსა თჳსსა და მოიყვანა იგი ყოველთასა მას სადგურსა და იღუაწა იგი.

მივიდა, ზეთითა და ღვინით მოჰბანა ჭრილობები და შეუხვია; თავის სახედარზე შესვა, სასტუმროში მიიყვანა და უპატრონა.

35

და ხვალისაგან, გამო-რაჲ-ვიდოდა, ორი დრაჰკანი მისცა ყოველთა სადგურისა მოღუაწესა მას და ჰრქუა: იღუაწე ეგე და, სხუაჲ თუ რაჲმე წარაგო უმეტესი, მო-რაჲ-ვიდე, მიგცე შენ.

ხოლო მეორე დღეს, გამგზავრებისას, ამოიღო ორი დინარი, მეფუნდუკეს მისცა და უთხრა: მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, აქეთობას გადაგიხდიო.

36

ვინ უკუე ამათ სამთაგანი გგონიეს შენ მოყუას მისა, რომელ იგი შევარდა ავაზაკთა მათ?

როგორ გგონია, ამ სამთაგან რომელი იყო მისი მოყვასი, ვინც ხელთ ჩაუვარდა ყაჩაღებს?

37

ხოლო მან ჰრქუა: რომელმან ყო წყალობაჲ მის თანა. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე და ჰყოფდ შენცა ეგრევე.

მან მიუგო: ის, ვინც მოწყალება გამოიჩინა მის მიმართ. და უთხრა მას იესომ: წადი და შენც ასევე მოიქეცი.

38

და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა.

მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.

39

და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა.

ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.

40

ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე.

მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.

41

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ.

მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;

42

ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან.

მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.