სახარება ლუკასაგან · თავი 14

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად პურისა, და იგინი უმზირდეს მას.

მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.

2

და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე მისსა.

და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი.

3

მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ?

მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს?

4

ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და განუტევა.

ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა.

5

და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა?

და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?

6

და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს.

ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას.

7

და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეასწავებდა, ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ:

როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:

8

რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან;

ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს:

9

და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ იწყო სირცხჳლით უკანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად.

შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.

10

არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს, რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინჴეთა შენთა.

ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.

11

რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს.

რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

12

ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა, ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ.

ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.

13

არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა,

არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.

14

და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს, რაჲმცა მოგაგეს შენ, და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა.

და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.

15

ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე, და ჰრქუა მას: ნეტარ არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა!

ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.

16

ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა.

ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.

17

და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი.

როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.

18

და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან.

მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.

19

და სხუამან თქუა: უღლეული ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ.

მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.

20

და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ ჴელ-მეწიფების მოსლვად.

მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.

21

და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და მკელობელთა შემოჰხადე აქა.

დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.

22

და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და ადგილი არსღა.

მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.

23

და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახელი ჩემი.

მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.

24

ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ.

რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.

25

და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ:

მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ:

26

რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.

თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

27

და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.

ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

28

ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე.

რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?

29

ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა, და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა

რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა

30

და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ შეუძლო აღსრულებად.

და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.

31

ანუ რომელი მეფე მივალნ სხჳსა მეფისა ბრძოლად, არა-მე პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა?

ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?

32

უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არნ, მოციქული მიუვლინის და მოიკითხის იგი მშჳდობით.

თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს.

33

ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა.

ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

34

კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა დაიმარილოს?

კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?

35

არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ!

აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!