სახარება ლუკასაგან · თავი 15

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა.

მის გვერდით იყო ყველა მებაჟე და ცოდვილი და უსმენდა მას.

2

და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს.

ფარისევლები და მწიგნობრები კი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილებს იწყნარებს და მათთან ჭამსო.

3

და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა:

და უთხრა მათ ეს იგავი:

4

ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი?

ასი ცხვარი რომ გყავდეთ და ერთი დაგეკარგოთ, რომელი თქვენგანი არ მიატოვებს ოთხმოცდაცხრამეტს უდაბნოში და არ წავა დაკარგულის საძებნად, ვიდრე არ იპოვის მას?

5

და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით;

და როცა იპოვის, სიხარულით შეისვამს მხარზე;

6

და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული.

შინ მოსული დაუძახებს მებობრებს და მეზობლებს და ეტყვის მათ: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან ჩემი დაკარგული ცხვარი ვიპოვე.

7

გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული.

გეუბნებით: ცაში უფრო დიდი სიხარული იქნება ერთი მონანიე ცოდვილის გამო, ვიდრე ოთხმოცდაცხრამეტი მართლისა, რომელთაც არ სჭირდებათ სინანული.

8

გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი?

ან კიდევ, ათი დრაქმა რომ ჰქონდეს და ერთი დაკარგოს, რომელი ქალი არ აანთებს სანთელს და არ დაიწყებს ოთახის დაგვას და გულმოდგინედ ძებნას, ვიდრე არ იპოვის?

9

და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმაჲ იგი, რომელი წარვწყმიდე.

ხოლო როცა იპოვის, მეგობრებსა და მეზობლებს დაუძახებს და ეტყვის: იხარეთ ჩემთან ერთად, ვინაიდან დაკარგული დრაქმა ვიპოვე.

10

გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.

გეუბნებით: ასევე ხარობენ ღმრთის ანგელოზნი ერთი მონანიე ცოდვილის გამო.

11

მერმე იტყოდა და თქუა: კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე.

მერე თქვა: ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა;

12

და ჰრქუა უმრწემესმან მან მამასა თჳსსა: მამაო, მომეც მე, რომელი მხუდების ნაწილი სამკჳდრებელისაჲ. და განუყო მათ საცხორებელი იგი.

უმცროსმა უთხრა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება.

13

და შემდგომად არა მრავალთა დღეთა შეიკრიბა ყოველი უმრწემესმან მან ძემან და წარვიდა შორსა სოფელსა და მუნ განაბნია ნაყოფი იგი მისი, რამეთუ ცხოვნდებოდა იგი არაწმიდებით.

ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.

14

და ვითარცა წარაგო მან ყოველივე მისი, იყო სიყმილი ძლიერი მას სოფელსა, და იწყო მან მოკლებად.

როცა ყველაფერი შემოეხარჯა, დიდი შიმშილობა ჩამოვარდა იმ ქვეყანაში და ძალიან გაუჭირდა.

15

და მივიდა და შეუდგა ერთსა მოქალაქესა მის სოფლისასა, ხოლო მან წარავლინა იგი ველად თჳსა ძოვნად ღორთა.

წავიდა და ერთ იქაურ კაცს შეეკედლა, მან კი მინდორში გაგზავნა ღორების მწყემსად.

16

და გული-ეტყოდა განძღებად მუცლისა რქისა მისგან, რომელსა ჭამედ ღორნი, და არავინ სცის მას.

ნატრობდა, ნეტავი ღორების საჭმელი რქით ამომავსებინა მუცელიო, მაგრამ ვინ აღირსებდა.

17

და მოეგო რაჲ თავსა თჳსსა, თქუა: რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები.

გონს რომ მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს თავზე საყრელადა აქვს პური და მე კი აქ შიმშილით ვკვდები.

18

აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა,

ავდგები, მივალ მამაჩემთან და ვეტყვი: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე.

19

და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი.

და აღარა ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას, მაგრამ მოჯამაგირედ მაინც დამიყენე.

20

და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას.

ადგა და მამამისისაკენ გასწია. ჯერ კიდევ შორს იყო, რომ მამამ დაინახა და შეებრალა იგი; გამოიქცა, კისერზე შემოეჭდო და კოცნა დაუწყო.

21

და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა.

შვილმა უთხრა: მამი, ვცოდე ცის მიმართ და შენს წინაშე და აღარ ვარ იმისი ღირსი, რომ შენი ძე მერქვას.

22

ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა.

ხოლო მამამ თავის მონებს უთხრა: მოიტანეთ უკეთესი სამოსი და შემოსეთ იგი, გაუკეთეთ ბეჭედი ხელზე და ფეხთ ხამლები ჩააცვით.

23

და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ,

მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით; ვჭამოთ და ვიმხიარულოთ.

24

რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად.

რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და დაიწყეს მხიარულება.

25

და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ.

ხოლო უფროსი ძე ყანაში იყო, და როცა შინ მიმავალი მიუახლოვდა სახლს, სიმღერისა და ფერხულის ხმა შემოესმა.

26

და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე?

მოუხმო ერთ მონათაგანს და ჰკითხა: რა ამბავია?

27

ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი.

მან მიუგო: შენი ძმა მოვიდა და მამაშენმა ნასუქი ხბო დაკლა, რაკი საღ-სალამათი დამიბრუნდაო.

28

ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას.

ის კი გაბრაზდა და აღარ უნდოდა შესვლა. გამოვიდა მამამისი და სთხოვა, შემოდიო.

29

და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე.

მაგრამ მან უთხრა მამას: აგერ, რამდენი წელია გემსახურები, ერთხელაც არ გადავსულვარ შენს მცნებას, და ან ერთი თიკანი თუ მოგიცია ოდესმე ჩემთვის, რომ მეგობრებში მომელხინა.

30

და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული.

სამაგიეროდ, მოვიდა თუ არა ეს შენი ძე, მთელი თავისი ავლა-დიდება მეძავებს რომ გადააგო, კვებულა ხბო დაუკალი.

31

ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს.

ხოლო მამამ მიუგო მას: შვილო, შენ ყოველთვის ჩემთანა ხარ და ყველაფერი, რაც მაქვს, შენია.

32

ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა.

ამჯერად კი გვმართებს, ვიხაროთ და ვიმხიარულოთ, ვინაიდან ეს შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა, და დაკარგული იყო და გამოჩნდა.