სახარება ლუკასაგან · თავი 21

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას მდიდარნი.

გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში.

2

და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი მწულილი,

დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო შიგ,

3

და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა,

და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო;

4

რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა.

ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.

5

და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ:

როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა:

6

ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს.

მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა.

7

ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს?

ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს?

8

ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა.

ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ შეუდგებით მათ კვალს.

9

და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული.

როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება აღსასრული.

10

მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა;

მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ;

11

და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით, და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ.

და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და დიადი სასწაულნი ზეცით.

12

ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს.

უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.

13

და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ.

და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.

14

დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ.

მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.

15

რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა.

ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.

16

რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა.

გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.

17

და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს.

და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.

18

და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს.

მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.

19

და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.

მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

20

რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი.

ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს, იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი.

21

მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ შევლენედ მუნ.

მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში.

22

რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ ყოველნი წერილნი.

ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს მთელი წერილი.

23

ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას ზედა.

ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე.

24

და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი.

დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება წარმართთა ჟამი.

25

და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა.

და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა.

26

სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ.

შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი.

27

და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა.

მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით.

28

და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი.

ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა.

29

და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი.

და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც:

30

რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს ზაფხული.

როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.

31

ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ.

ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი.

32

ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე ესე ყოველი იყოს.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

33

ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ.

ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.

34

ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი.

ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.

35

რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა.

რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ.

36

იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.

მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ.

37

და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა; ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ.

დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.

38

და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად სიტყუათა მისთა.

და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.