სახარება ლუკასაგან · თავი 19

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ.

შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.

2

და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად.

და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო მებაჟეთა უფროსი,

3

და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე.

სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო;

4

და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო.

წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად, ვინაიდან იქ უნდა გაევლო.

5

და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე, ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ.

როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა ვიყო.

6

და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით.

ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.

7

და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად.

ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ: ცოდვილთან შევიდაო.

8

აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი.

ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ.

9

ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი არს.

უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან ესეც ძეა აბრაამისა.

10

რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა.

რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.

11

და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი ღმრთისაჲ.

ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო;

12

და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა მეუფებისა და მოქცევად.

ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო.

13

და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე.

დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით ივაჭრეთო.

14

ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ ჩუენ ზედა.

მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე.

15

და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს.

როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი.

16

და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა სასწორი.

მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო.

17

ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა.

უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ.

18

და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო.

მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიგო.

19

ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა.

და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ.

20

და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი, რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა,

მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი,

21

რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი.

რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს.

22

და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო; იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი, სადა არა დავსთესი.

უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ! იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ დამითესავს.

23

და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი.

მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ?

24

და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და მიეცით, რომელს-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი.

და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი მნის მქონეს.

25

და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი.

მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს.

26

გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს; ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან.

გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს წაერთმევა ისიც, რაცა აქვს.

27

ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა.

ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.

28

და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა იერუსალჱმდ.

ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას.

29

და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი.

როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე,

30

და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს; აღჰჴსენით და მომგუარეთ მე.

და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ.

31

და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.

ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს სჭირდება-თქო.

32

და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ.

წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა.

33

და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას?

ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ ხსნით ჩოჩორს?

34

ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე.

ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო.

35

და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას, და დაჯდა იესუ მას ზედა.

მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ შესვეს იგი.

36

და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა ზედა.

ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს.

37

და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი,

როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.

38

და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა!

ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა!

39

და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა!

ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო, შერისხე შენი მოწაფეები.

40

ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე.

ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები დაიწყებენ ღაღადს.

41

და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა

როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო,

42

და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა.

და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან.

43

რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო.

ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან;

44

და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ ჟამი მოხედვისა შენისაჲ.

მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი მოხილვის ჟამი.

45

და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა

შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა.

46

და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს, ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა.

და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია, თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი.

47

და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა. ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს მას წარწყმედად.

იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო მღვდეღმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ;

48

და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი დამორჩილებულ იყო სმენად მისგან.

მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.