სახარება ლუკასაგან · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ.

სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.

2

და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია.

ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა.

3

და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ.

და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს.

4

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა.

ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით.

5

და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა.

აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს ყველა სამეფო დროის ერთ წამში.

6

და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა მინდეს, მივსცე იგი;

და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას მივცემ.

7

უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე ყოველი.

თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი იქნება.

8

მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან, ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა ჰმსახურებდე.

მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.

9

და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად,

მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან,

10

რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა.

ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა,

11

ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი.

და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი.

12

მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი.

მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი.

13

და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე.

ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას.

14

და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა.

დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.

15

და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა ყოველთაგან.

და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ.

16

და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ.

მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს სინაგოგაში და წასაკითხად დადგა.

17

და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო:

მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა:

18

სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა,

სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად,

19

და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული.

ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის მქადაგებლად.

20

და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს.

დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა მისჩერებოდა მას.

21

და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა.

და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ.

22

და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ არა ესე არსა ძე იოსებისი?

ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო?

23

და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს, ქმენ აქაცა, მამულსა შენსა.

და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი: აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ.

24

ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა.

მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში.

25

ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა მთელს ქვეყანაში.

26

და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა.

მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა სიდონის სარეპტაში.

27

და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე, წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური.

მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა.

28

და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე.

ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო სინაგოგაში.

29

და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი.

ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე, რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ.

30

ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა.

მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა.

31

და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა.

ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით ასწავლიდა მათ.

32

და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო სიტყუაჲ იგი მისი.

უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა სიტყვას.

33

და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა:

და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა:

34

ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ წარწყმედად ჩუენდა: გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ.

ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.

35

და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და არაჲ ავნო მას.

მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.

36

და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ?

შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?

37

და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა გარემო მის სოფლებისათა.

და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს.

38

და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა; ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას მისთჳს.

გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.

39

და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ.

თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი; მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ.

40

და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი.

ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა ისინი.

41

და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და არა უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე.

მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს, რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე.

42

და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას, რაჲთამცა არა წარვიდა მათგან.

როცა გათენდა, წამოვიდა იქიდან და უდაბურ ადგილას მივიდა; ხალხი კი ეძებდა, მივიდნენ და აკავებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ისინი.

43

ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე.

მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული.

44

და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა.

და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.