სახარება ლუკასაგან · თავი 24
ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა, რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა.
ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.
და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან.
მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ.
და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა იესუჲსი.
და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი.
და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა.
ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი.
და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა?
რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში?
არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას,
აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო:
და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად.
რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს.
და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი.
და გაახსენდათ მისი სიტყვები.
და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა.
გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა და სხვა დანარჩენთაც.
ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა, რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას.
ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს.
და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი.
მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ.
ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე.
ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს.
იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი;
და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი იქმნა.
და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო.
და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა.
ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.
ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი.
მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე?
და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი?
მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა?
ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ?
და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა;
და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, -
ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი.
სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი.
ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა.
ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა.
არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას
თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან
და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი.
და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს.
ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი.
ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი!
იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!
ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა?
განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?
და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს.
მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში.
და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ.
მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო.
ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგომად მათ თანა.
ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.
და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემად მათ.
ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.
ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან.
მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა?
და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?
და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი,
მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს.
რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს.
და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.
მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.
და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!
ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს.
ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა?
მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?
იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.
შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი.
ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?
მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?
ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი.
და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ
მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს.
და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.
მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა.
მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა.
და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,
და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით,
და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა.
ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.
და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით.
და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.
და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი.
და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.
და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად.
კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად.
და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა.
ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს.
და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.
და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
