სახარება ლუკასაგან · თავი 22
და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ.
ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი.
და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი, რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას.
მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა.
შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.
და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ.
წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.
ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად.
ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ მისთვის.
და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს იგი მათ თჳნიერ ერისა.
ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი.
მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად.
დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ.
გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი.
ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ?
ხოლო მათ თქვეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ?
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს.
და უთხრა მათ: აჰა, ქალაქში შესვლისთანავე შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; გაჰყევით იმ სახლამდე, რომელშიც შევა,
და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო?
და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გითვლის, სად არის დარბაზი, რომ ჩემს მოწაფეებთან ვჭამო პასექი?
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ.
გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ.
და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და მოუმზადეს პასქაჲ იგი.
ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი.
და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის თანა.
როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად.
და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა.
უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი.
ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა ღმრთისასა.
რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში.
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და განიყავთ თავისა თქუენისა.
აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს.
რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი.
და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად ჩემდა.
აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად.
ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული.
აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის.
ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა ზედა.
და, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან ერთად სუფრაზე.
ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა, წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი!
თუმცა ძე კაცისა მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.
და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი, რომელსა ეგულების ესე ყოფად?
ხოლო მათ ერთმანეთში დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ამის ჩამდენი.
და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინ-მე იყოს დიდ მათ შორის?
დავობდნენ იმაზეც, თუ ვინ უფრო დიდად უნდა შერაცხილიყო მათში.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქჳან.
ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი.
ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი ვითარცა მსახური.
ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური.
ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი ჰმსახურებს? ანუ არა რომელ-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა ვითარცა მსახური.
რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენს შორის როგორც მსახური.
და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა შინა ჩემთა.
თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი.
და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან ჩემმან, სასუფეველსა,
და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა სასუფეველი.
რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა ტომთა ისრაელისათა.
რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში, და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი.
და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი.
და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს.
ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი.
მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი, განამტკიცე შენი ძმები.
ხოლო მან თქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ და სიკუდილად მისლვად.
მან კი უთხრა იესოს: უფალო, მზადა ვარ საპყრობილეშიც წამოგყვე და სასიკვდილოდაც;
ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე.
ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე, დღეს, მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფ და იტყვი, რომ არ მიცნობ მე.
და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა.
და უთხრა მათ: როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი.
და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე, აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი.
კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი.
გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული იყოს.
რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.
ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს.
მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია.
და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა, და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი.
გამოვიდა და, ჩვეულებისამებრ, გაემართა ზეთისხილის მთისკენ; და მისდევდნენ მისი მოწაფეები.
და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში.
და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ და დაიდგა მუჴლნი, ილოცვიდა
ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, მუხლმოყრილი ლოცულობდა
და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ!
და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი! თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი.
და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას.
და მოევლინა ანგელოზი ზეცით, რომელიც განამტკიცებდა მას.
და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა.
ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას.
და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან
ილოცა, ადგა, მივიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი,
და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში.
და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს.
სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, გამოჩნდა ხალხი, რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, იუდად წოდებული, და საამბოროდ მიეახლა იესოს,
ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა კაცისასა?
ხოლო იესომ უთხრა მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს?
იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო, უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა?
როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი?
და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე.
ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი ყურსა მისსა და განკურნა იგი.
ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და განკურნა იგი.
ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ მახჳლითა და წათებითა.
ხოლო მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით;
დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ ბნელისაჲ.
დღენიადაგ თქვენთან ვიყავი ტაძარში და ხელი არ აღგიმართავთ ჩემზე; მაგრამ ახლა თქვენია დრო და ბნელის მეუფება.
და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა. ხოლო პეტრე მისდევდა შორით.
შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა.
და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა.
როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის ჩაჯდა.
და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას, მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო.
ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და თქვა: ესეც მასთან იყო.
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი.
მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას.
და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ.
ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო.
და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს.
ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა: ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია.
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა.
ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც იყო და იყივლა მამალმა.
და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე სამ-გზის უვარ-მყო მე.
მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო;
და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ.
გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და სცემდეს.
ხოლო იესოს შემპყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას;
და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ.
თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა შენ?
და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს.
და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი.
და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი, მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა
ხოლო როდესაც ინათა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესნი, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და თავიანთ სინედრიონში მიიყვანეს იგი;
და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი;
და თქვეს: გვითხარი, შენა ხარ თუ არა ქრისტე? უთხრა მათ: თუ გეტყვით, არ მერწმუნებით;
და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაჲვე მომიგოთ მე გინა განმიტეოთ.
ხოლო თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ.
ამიერითგან იყოს ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით ძლიერებასა ღმრთისასა.
ამიერიდან დაჯდება ძე კაცისა ღმრთის ძლიერების მარჯვნივ.
და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა მათ იესუ: თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მე ვარ.
და თქვა ყველამ: მაშ, შენ ხარ ძე ღმრთისა? მიუგო მათ: თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.
და მათ თქუეს: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმის პირისაგან მაგისისა.
ხოლო მათ თქვეს: რაღად გვინდა მოწმობა? ვინაიდან თვითონვე მოვისმინეთ მაგისი პირით.
