სახარება ლუკასაგან · თავი 7
და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა კაპერნაუმს.
როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.
და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან.
ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა.
და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი.
იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა, რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა.
ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს,
ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს: ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას,
რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან აღმიშენა ჩუენ.
ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა.
და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე.
წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა; არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი.
ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის.
ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა სარწმუნოებაჲ მისი, მიექცა ერსა მას და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ.
ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი ცოცხალი.
გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა.
და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი.
მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი.
და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის თანა.
როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი, დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა ქალაქიდან.
და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა მას: ნუ სტირ!
ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი.
და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ!
მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ!
და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი დედასა თჳსსა.
მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს.
და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ: წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა თჳსსა.
ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი.
და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა.
და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს.
და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს.
ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს.
და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით?
ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ?
მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ.
ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან, სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა.
და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების.
მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ.
და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ.
ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში.
და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა?
ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად?
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან.
რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში არიან.
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა.
რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც.
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა.
ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე.
რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს.
რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა.
მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით.
ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან.
ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან მსგავს?
და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი?
მსგავს არიან ყმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით; გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ.
ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ.
რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა პურსა, არცა სუმიდა ღჳნოსა, და იტყჳთ: ეშმაკეულ არს.
ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.
მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა კაცი მჭამელი და მსუმელი ღვნისაჲ და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ.
მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო;
და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თჳსთა.
და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან.
ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა.
ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური. შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა.
და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ.
და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო, ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი;
და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა.
ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა.
ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს.
ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო.
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე!
ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი!
და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი.
ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი;
და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ: ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი?
მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო ეყვარება იგი?
მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე.
სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია. ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე.
და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა;
მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.
ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა.
შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ, განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს.
ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერჴთა ჩემთა.
შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო ნელსაცხებელი.
რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა, ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია მისი სიყვარული.
და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი!
ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი.
და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს?
ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?
ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით!
მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით!
