სახარება ლუკასაგან · თავი 13

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

მო-ვინმე-სრულ იყვნეს მას ჟამსა ოდენ და უთხრეს მას გალილეველთა მათთჳს, რომელთაჲ-იგი სისხლი პილატე შეჰრია მსხუერპლთა მათთა.

ამ დროს მოვიდნენ მასთან ზოგიერთნი და აუწყეს იმ გალილეველთა ამბავი, რომელთა სისხლიც შერთო პილატემ მათსავე მსხვერპლთა სისხლს.

2

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეგრე გგონიეს, ვითარმედ გალილეველნი ესე უფროჲს ყოველთა გალილეველთა იყვნეს ცოდვილ, რამეთუ ესევითარი ევნო მათ?

მიუგო იესომ და უთხრა მათ: იქნებ გგონიათ, რომ ეს გალილეველნი ყველა გალილეველზე უფრო ცოდვილნი იყვნენ, რაკიღა ასე ევნენ?

3

გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ეგრევე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ.

არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.

4

ანუ იგი, რომელ ათრვამეტთა ზედა სილოამს გოდოლი დაეცა და მოსწყჳდნა იგინი, ჰგონებთ, ვითარმედ იგინი ხოლო თანა-მდებ იყვნეს უფროჲს ყოველთა კაცთა, რომელნი მკჳდრ არიან იერუსალჱმს?

ან იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?

5

გეტყჳ თქუენ: არა; არამედ უკუეთუ არა შეინანოთ, ყოველნივე ეგერეთ წარსწყმდეთ.

არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით.

6

და ეტყოდა მათ იგავსა ამას: ლეღჳ ვისმე ედგა ნერგი სავენაჴესა თჳსსა, მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა პოვა.

და უთხრა მათ ეს იგავი: ერთ კაცს ლეღვის ხე ედგა თავის ვენახში: მივიდა ნაყოფის საძებნად, მაგრამ ვერაფერი იპოვა.

7

და ჰრქუა ვენაჴის მოქმედსა მას: ესერა სამი წელი არს, ვინაჲთგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაჲსათჳს ქუეყანაჲცა დაუპყრიეს უქმად?

და უთხრა მევენახეს: აგერ უკვე სამი წელია მოვდივარ და ნაყოფს ვეძებ ამ ლეღვის ხეზე, მაგრამ ვერ ვპოულობ. მაშ, მოჭერი: სულ ტყუილად იკავებს ადგილს.

8

ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოჴნო მას გარემო და სკორე დაუდვა,

ხოლო მან მიუგო და უთხრა: ბატონო, წლეულსაც აცალე, ძირს შემოვუბარავ და ნაკელს დავუყრი;

9

ყოს ხოლო თუ ნაყოფი; უკუეთუ არა, მერმე მოჰკუეთე იგი.

იქნება ივარგოს; თუ არა და, გაისად მოჭერი.

10

და ასწავებდა მათ იესუ შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა.

შაბათ დღეს ერთ-ერთ სინაგოგაში ასწავლიდა იგი.

11

და აჰა ესერა დედაკაცი იყო, რომლისა თანა იყო სული უძლურებისაჲ ათრვამეტ წლითგან; და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზე აღხილვად ყოვლითურთ.

იყო იქ თვრამეტ წელიწადს უძლურების სულით შეპყრობილი ქალი, მოკრუნჩსუღს რომ არ შეეძლო წელში გამართვა.

12

იხილა იგი იესუ, მოუწოდა და ჰრქუა მას: დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა.

იესომ დაინახა, მიიხმო და უთხრა: ქალო, დახსნილი ხარ შენი უძლურებისგან.

13

და დაასხნა მას ზედა ჴელნი, და მეყსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთსა.

როგორც კი ხელი დაადო, მყისვე გაიმართა და ადიდებდა ღმერთს.

14

მიუგო შესაკრებლის-მთავარმან მან რისხვით, რამეთუ შაბათსა განკურნა იგი იესუ, და ეტყოდა ერსა მას: ექუსნი დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა.

მაშინ განრისხდა სინაგოგის წინამძღვარი, ვინაიდან იესომ შაბათს განკურნა სნეული, და უთხრა ხალხს: ექვსი დღეა, როცა შეიძლება საქმის კეთება; თქვენც მაშინ მოდით განსაკურნავად, და არა შაბათს.

15

მიუგო მას იესუ და ჰრქუა: ორგულო, კაცად-კაცადმან თქუენმან არა აღჰჴსნისა შაბათსა შინა ჴარი გინა ვირი ბაგათაგან მათთა და წარიბის და ასჳს მას წყალი?

მიუგო უფალმა და უთხრა მას: თვალთმაქცო, განა რომელი თქვენგანი არ ახსნის შაბათს ბაგაზე დაბმულ ხარსა თუ ვირს და არ მიჰყავს დასარწყულებლად?

16

ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა დღესა შაბათსა?

ხოლო ეს ასული აბრაამისა, რომელიც თვრამეტ წელიწადს შეკრული ჰყავდა სატანას, არ უნდა დაგვეხსნა ამ საკრველისაგან შაბათს?

17

და ამას რაჲ იტყოდა თავადი, ჰრცხუენოდა ყოველთა წინა-აღმდგომთა მისთა; და ყოველსა მას ერსა უხაროდა ყოველთა მათ ზედა დიდებულებათა მისთა, რომელნი იქმნებოდეს მის მიერ.

ამას რომ ამბობდა, რცხვენოდა ყველას, ვინც ეურჩებოდა; მთელი ხალხი კი ხარობდა ყოველივე იმის გამო, რასაც ესოდენ სახელოვნად იქმოდა იგი.

18

და იტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ, და ვისა მსგავს არს იგი?

ხოლო მან თქვა: რისი მსგავსია ღმრთის სასუფეველი, ან რას ვამსგავსებ მას?

19

მსგავს არს იგი მარცუალსა მდოგჳსასა, რომელი მოიღო კაცმან და დასთესა იგი მტილსა თჳსსა; და აღორძინდა და იქმნა იგი ხე დიდ, და მფრინველთა ცისათა და დაიმკჳდრეს რტოთა მისთა.

მსგავსია იგი მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ბაღში; გაიზარდა, ხედ იქცა და მის ტოტებზე ცის ფრინველებმა დაიბუდეს.

20

მერმე კუალად თქუა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ?

და კვლავაც თქვა: რას ვამსგავსებ ღმრთის სასუფეველს?

21

ვამსგავსო იგი ცომსა, რომელი მოიღო დედაკაცმან და შეჰრთო იგი ფქვილსა სამსა საწყაულსა, ვიდრემდე აღაფუნვოს ყოველი.

მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა.

22

და მიმოვიდოდა ქალაქებსა და დაბნებსა და ასწავებდა და წარიგზავნებოდა იერუსალჱმდ.

დადიოდა ქალაქებსა და სოფლებში, ასწავლიდა და თან იერუსალიმისაკენ აეღო გეზი.

23

და ჰრქუა ვინმე მას: უფალო, უკუეთუ მცირედ არიან ცხორებულნი? ხოლო თავადმან ჰრქუა მათ:

ვიღაცამ უთხრა: უფალო, ნუთუ ცოტანი ცხონდებიან? ხოლო მან პასუხად თქვა:

24

იღუაწეთ შესლვად იწროჲსა მისგან კარისა. ხოლო გეტყჳ თქუენ: მრავალნი ეძიებდენ შესლვად და ვერ უძლონ.

იღვაწეთ, რათა შეხვიდეთ ვიწრო ბჭით, რადგანაც გეუბნებით: მრავალნი ეცდებიან შესვლას და ვერ შესძლებენ.

25

ვინაჲთგან აღდგეს სახლისა უფალი და დაჰჴშას კარი, და გარეშე სდგეთ და იწყოთ რეკად კარსა და იტყოდით: უფალო, უფალო, განგჳღე ჩუენ! მოგიგოს და გრქუას თქუენ: არა გიცნი თქუენ, ვინანი ხართ.

ვინაიდან ადგება სახლის პატრონი და ჩაკეტავს კარს, ხოლო თქვენ, გარეთ მდგომნი, დაიწყებთ კარზე კაკუნს და იტყვით: ბატონო, ბატონო, გაგვიღე; ის კი მოგიგებთ: არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი.

26

მაშინ იწყოთ სიტყუად: ვჭამდით წინაშე შენსა და ვსუემდით, და უბანთა ჩუენთა ზედა გუასწავებდ.

მაშინ დაიწყებთ ჩივილს: შენს წინაშე ვჭამდით და ვსვამდით, და ჩვენს მოედნებზე გვმოძღვრავდი.

27

და გრქუას: არა გიცნი, ვინანი ხართ; განმეშორენით ჩემგან ყოვლნი მოქმედნი უსჯულოებისანი.

მაგრამ ის იტყვის: გეუბნებით, არ ვიცი, ვინა ხართ და სადაურნი; შორს ჩემგან უსამართლობის ყველა მოქმედი.

28

მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ, რაჟამს იხილოთ აბრაჰამი, ისაკი და იაკობი და ყოველნი წინაწარმეტყუელნი სასუფეველსა ღმრთისასა და თქუენ განსხმულნი გარეშე.

და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი, როცა იხლავთ აბრაამს, ისააკს, იაკობს და ყველა წინასწარმეტყველს ღმრთის სასუფეველში, ხოლო თქვენს თავს - გარეთ გამოყრილთ.

29

და მოვიდოდიან მზისა-აღმოსავალით და მზისა-დასავალით, ჩრდილოჲთ და სამხრით, და ინაჴ-იდგმიდენ სასუფეველსა ღმრთისასა.

მაშინ მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით და ინახად დასხდებიან ღმრთის სასუფეველში.

30

და აჰა ესერა არიან უკუანაჲსკნელნი, რომელნი იყვნენ პირველ, და არიან პირველნი, რომელნი იყვნენ უკანაჲსკნელ.

და, აჰა, არიან უკანასკნელნი, რომელნიც იქნებიან პირველნი, და არიან პირველნი, რომელნიც იქნებიან უკანასკნელნი.

31

მას დღესა შინა მო-ვინმე-ვიდეს იესუჲსა ფარისეველნი და ეტყოდეს მას: განვედ და წარვედ ამიერ, რამეთუ ჰეროდე გეძიებს შენ მოკლვად.

იმ დღეს მოვიდა რამდენიმე ფარისეველი და უთხრა მას: ადექი და გაეცალე აქაურობას, ვინაიდან ჰეროდე გიპირებს მოკვლას.

32

ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და არქუთ მელსა მას: აჰა ესერა განვასხამ ეშმაკთა და კურნებათა აღვასრულებ დღეს და ხვალე, და ზეგე აღვესრულები.

და უთხრა მათ: წადით და უთხარით მაგ მელას: აჰა, დღესა და ხვალ განვდევნი ეშმაკთ და განვკურნავ სნეულთ, ზეგ კი დავასრულებ ჩემს საქმეს.

33

რამეთუ ჯერ-არს ჩემდა დღეს და ხვალე და ზეგე წარსლვად, რამეთუ ვერ ეგების წინაწარმეტყუელი გარეშე იერუსალჱმსა წარწყმედად.

თუმცა მე მმართვებს წასვლა დღესაც, ხვალაც და ზეგაც, ვინაიდან არ ეგების, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმს გარეთ მოკვდეს.

34

იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენდა, რაოდენ-გზის მინდა შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ მფრინველმან თჳსნი მართუენი ფრთეთა ქუეშე, და არა ინებეთ!

იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო; რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.

35

აჰა ესერა დაუტევნეთ თქუენ სახლნი თქუენნი ოჴრად. გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან, ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა.

და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ, სანამ არ მოვა დრო, როდესაც იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!