სახარება ლუკასაგან · თავი 5

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა.

ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა,

2

და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა; ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა.

დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.

3

და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით გამო ერსა მას.

შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.

4

და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად.

ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო.

5

მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე.

მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს.

6

და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და განსთქდებოდეს ბადენი მათნი.

ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ.

7

და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა, რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი, ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი.

ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ.

8

და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო.

ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.

9

რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა, რომელი შეაყენეს.

რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;

10

ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე.

ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.

11

და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას.

როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.

12

და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა. ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა.

მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

13

და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი! და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან.

გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი.

14

და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ: წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს, ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა.

უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად.

15

და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის მიერ.

მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელს ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.

16

ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ.

ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.

17

და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ. და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის-მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა.

ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად.

18

და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა.

და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი, და ცდილობდნენ შინ შესულიავნენ და მის წინაშე დაეწვინათ.

19

და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე იესუჲსა.

მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა, სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე.

20

და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო, მიგეტევნენ ცოდვანი შენნი!

მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა შენი ცოდვები.

21

და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა?

ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?

22

გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა?

მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას რას ფიქრობთ თქვენს გულში?

23

რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე?

რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ და წადი?

24

არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა!

მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.

25

და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი, რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა.

ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს.

26

განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ დღეს.

განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს.

27

და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე.

ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო.

28

და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას.

მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას.

29

და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა ინაჴით-მსხდომარენი.

გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან.

30

და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და ჰსუამთ?

ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?

31

მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან.

მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.

32

არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა შეინანონ.

მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.

33

ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ?

ხოლო მათ უთხრეს მას: რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცულობენ, ასევე ფარისეველნიც; შენი მოწაფეები კი ჭამენ და სვამენ?

34

ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა, ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ?

ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეგიძლიათ ამარხულოთ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე?

35

ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა.

მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ.

36

და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ.

და უთხრა მათ იგავიც: არავინ ადებს ახალი სამოსიდან ახეულ საკერებელს ძველ სამოსს; თორემ ახალიც დაიხევა და ვერც ძველი მოიხდენს ახალს.

37

და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ.

არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება.

38

არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და ორნივე დაიმარხნენ.

არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე შეინახება.

39

და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს.

ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს: რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო.