სახარება ლუკასაგან · თავი 11

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა თჳსთა.

მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის მოწაფეებს.

2

ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა.

და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.

3

პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ.

პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე.

4

და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან.

და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან.

5

და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი,

და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური,

6

რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ დაუგო მას.

ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, -

7

მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა.

ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია ავდგე და მოგცე.

8

გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას.

გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.

9

ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და განგეღოს თქუნ.

ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ,

10

რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი ირეკდეს, განეღოს.

რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.

11

ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას?

რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას?

12

გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას?

ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას?

13

უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი სთხოვდენ მას.

ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს?

14

და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას ერსა.

ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს.

15

ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა.

ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის შეწევნით აძევებსო ეშმაკთ.

16

და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან.

ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით.

17

ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა ზედა დაეცის.

მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა.

18

და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა.

თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ.

19

უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ.

მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულნი.

20

უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა, მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ.

ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც თქვენთან ღმრთის სასუფეველს.

21

რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით არნ მონაგები მისი.

როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი ემუქრება მის საბადებელს.

22

და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის.

მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს, აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს.

23

რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს.

ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.

24

რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ.

როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.

25

და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული.

და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს.

26

მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი, უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა.

მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.

27

და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი.

ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.

28

ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.

ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

29

და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა: ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ.

როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.

30

ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე კაცისაჲ ნათესავსა ამას.

ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის.

31

დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა.

სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.

32

კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა.

ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.

33

არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა.

არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს.

34

სანთელი გუამისაჲ არს თუალი; ოდეს თუალი შენნი განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს და უკუეთუ თუალი შენი ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს.

სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც.

35

იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს.

მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში.

36

უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა რაჲ აქუნდეს ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა განგანათლოს შენ.

ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით.

37

და ვითარცა იტყოდა ამას თავადი, ჰლოცვიდა ვინმე ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა.

ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა.

38

ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე.

ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ დაიბანა.

39

ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არნ ნატაცებითა და უკეთურებითა.

მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი, გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და ნაოხარით.

40

ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე შინაგანი შექმნა?

უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?

41

გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა თქუენი ყოველი წმიდა არს.

მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.

42

არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.

მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ.

43

ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა.

ვაი თქვენდა ფარისელნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა.

44

ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან.

ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი იციან.

45

მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ, მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ.

მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც გვაგინებ?

46

ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა, ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა თითითა არა შეახით ტჳრთსა მას.

მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი, რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ შეაშველებთ ტვირთს.

47

ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი.

ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.

48

ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ.

ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.

49

ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ.

ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან.

50

რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან,

რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,

51

სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა, რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ, იძიოს ნათესავისა ამისგან.

აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.

52

ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ.

ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.

53

და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა.

ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,

54

და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა, რაჲთა შეასმინონ იგი.

რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.